ქართული ფილმი „ფეოლა“ – ბრაზილიელი მწვრთნელის იპოლიტე ხვიჩიასეული „გარდასახვა“

795
ქართულ ფილმ „ფეოლაზე“ სტატიის მომზადება რამდენიმე წლის წინათ გადავწყვიტე,  ვინც კი შეიტყო, რომ ამის გამო ბატონ ბაადურ წულაძესთან მივდიოდი სასაუბროდ, ყველა ერთ კითხვას მისვამდა – ბაადურ წულაძე რა შუაშიაო? თითქმის არავინ იცოდა, რომ „ფეოლა“ მისი რეჟისორული ნამუშევარია. სამწუხაროდ, მსახიობი და კინორეჟისორი ბადურ წულაძე დღეს ცოცხალი აღარ არის, წლეულს, 13 მაისს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. და ეს წერილი ჩვენი მხრიდან მისი გახსენებაცაა – ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს!

ინფორმაციისთვის: „ფეოლა“ ეკრანზე 1970 წელს გამოვიდა და მაშინვე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და აღიარება. ფილმის სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძეა, მუსიკალური გამფორმებელი – გია ყანჩელი, მხატვარი – გოგი ალექსი-მესხიშვილი („ფეოლა“ მისი პირველი კინონამუშევარია), ოპერატორი – იური ფედნევი.

შეიძლება ითქვას, რომ „ფეოლას“ პოპულარობას გენიალური მსახიობი იპოლიტე ხვიჩია განაპირობებს, თუმცა რეჟისორმა სხვა არანაკლებ საინტერესო მსახიობების გალერეა შეკრიბა: სერგეი ფილიპოვი, შოთა გაბელაია, ვასილ ჩხაიძე, ჯემალ ღაღანიძე…

ფორმალისტი

სანამ ბაადურ წულაძე „ფეოლას“ გადაღების უფლებას მიიღებდა, უამრავი კონფლიქტის გადატანა მოუხდა. ჯერ იყო და – მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა სადიპლომო თემას ძლივს მიაგნო. ბოლოს, როცა მერაბ სალარიძის სცენარის მიხედვით მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება გადაწყვიტა, მსახიობის გამო კინოსტუდიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდა: კინოსტუდიას ფილმში სხვა მსახიობის გადაღება უნდოდა, რეჟისორს კი სხვა გეგმები ჰქონდა. როგორც იქნა, შეთანხმდნენ, მაგრამ ამასობაში ზაფხული გავიდა და, ბიჭვინთაში ჩასულებს (გადაღებები იქ ჰქონდათ), მზე ენატრებოდათ, რომ რამდენიმე კადრი მაინც გადაეღოთ. მოკლედ, ფილმის გადაღება მომავალი წლის ზაფხულამდე გაჭიანურდა. ხრუშჩოვმა სწორედ ამ პერიოდში რეჟისორ მარლენ ხუციევის ფილმი „Заста́ва Ильича́“ (ხელახალი მონტაჟის შემდეგ „Мне двадцатъ лет“) ნახა და საშინლად განრისხდა. სასწრაფოდ გამოვიდა ცეკას დადგენილება, რომ მსგავსი ფორმალისტური ფილმების ეკრანზე გაშვება დაუშვებელი იყო. მაშინდელი სისტემის კანონების თანახმად, ცხადია, ფორმალისტები სხვა რესპუბლიკებშიც უნდა ყოფილიყვნენ. საქართველოში ამ სიაში ბაადურ წულაძე, ოთარ აბესაძე და რეზო ესაძე მოხვდნენ. ფორმალისტს ფილმს ვინღა გადააღებინებდა?! თუმცა გაზაფხულზე მაინც მოიწვიეს სამხატვრო საბჭო, მასალა ნახეს და, რასაკვირველია, ყველამ უარყოფითად შეაფასა, გარდა სიმონ ჩიქოვანისა, რომელსაც წულაძე პირადად არ იცნობდა. სიმონ ჩიქოვანმა ისე აქო მასალა, რომ საბჭოს სხვა წევრები მისი ავტორიტეტის წინააღმდეგ არ წავიდნენ და, რადგან კინოსტუდიის ახლად დანიშნული დირექტორი – გორდელაძე ფიქრობდა, რომ ფილმზე გარკვეული რაოდენობის თანხა იყო დახარჯული და ზარალი რომ არ ენახათ, ეგებ რაიმე ეშველოსო, მიიღეს გადაწყვეტილება, ფილმი გაგრძელებულიყო. მაგრამ აქ უკვე ბაადურ წულაძემ გამოამჟღავნა თავისი სიჯიუტე, ამ ფილმს არ გადავიღებ, თუ გინდათ, სტუდიიდან გამაგდეთო – განაცხადა. ისე იყო პრობლემებით დაღლილი და ნაწყენი, რომ საერთოდ დაკარგული ჰქონდა ფილმისადმი ინტერესი. მიაღწია კიდეც თავისას, თუმცა ამ ფაქტის გამო კინოსტუდიაში უკვე აღარ ენდობოდნენ.

რაც შეეხება დიპლომს, „ჯილდოს“ გადაღების დროს გიორგი შენგელაიასთან მეორე რეჟისორად მუშაობდა და ის ამ ფილმზე დაიცვა. რადგან დიპლომი ხელში ეჭირა, მაშინდელი წესების თანახმად, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა მიეცათ რაღაც ფილმი გადასაღებად. ეს ფილმი „ფეოლა“ აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნული მიზეზების გამო ძლივს მოახერხა კინოსტუდიის დარწმუნება, რომ მის გადაღებას შეძლებდა.

აი, რა გვიამბო თავად ბატონმა ბაადურმა:

„ამ დროს რეზო გაბრიაძე უკვე „არაჩვეულებრივი გამოფენის“ და „არ იდარდოს“ სცენარის ავტორია და ხალხში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ ვმეგობრობთ და, როგორც წესი, ხშირად მიყვება სხვადასხვა ისტორიებს. ერთ დღესაც ქუთაისელი კაცის ამბავი მომიყვა, რომელიც სახლმმართველობაში მუშაობდა. მაშინ ერთგვარი გეგმა არსებობდა, რომლის მიხედვითაც, ბავშვები გარეთ რომ არ მდგარიყვნენ, ყველა ქუჩაზე ფეხბურთის ან რაღაც სპორტული გუნდები უნდა შეექმნათ. ეს კაცი ერთ-ერთი გუნდის ხელმძღვანელად დანიშნეს. ამ დროს მან ფეხბურთის არაფერი იცოდა და ერთი სული ჰქონდა, მისი გუნდი როდის გამოვარდებოდა თამაშიდან. მართალია, დაუჯერო რეზო გაბრიაძეს, ძალიან ძნელია, რადგან კაცმა არ იცის, რამდენად შეეფერება სიმართლეს მისი მონაყოლი ამბავი, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ამ ყველაფერს როგორ გადმოსცემენ. რეზო კი იმდენად საინტერესოდ ჰყვება, ტყუილიც რომ იყოს, ჩემთვის ესაა სიმართლე და არა, ვთქვათ, ნაღდი ისტორია, რომელსაც ძალიან უბრალოდ ჰყვებიან. საერთოდ, ძალიან მიყვარს პარადოქსული სიტუაციები და ეს ამბავი რომ მოვისმინე, ვიფიქრე, რომ აქედან კარგი რაღაც გამოდნებოდა, – წარმოიდგინეთ, ადამიანს არ უნდა რაღაცის გაკეთება და მაინც აკეთებინებენ. ჰოდა, რეზოს ვთხოვე, სცენარი დაეწერა. სხვათა შორის, ძალიან ნელა წერდა და დიდხანს მოუნდა. თავიდან სცენარს „უქიმერიონი“ (გუნდის სახელი) ერქვა, „ფეოლა“ ფილმს გადაღების პროცესში დაერქვა.

ბონდო დოლაბერიძის როლის თამაში მე მინდოდა

რეზო გაბრიაძემ სცენარი კი დაწერა, მაგრამ სტუდიაში „ფეხები გაფშიკეს“ – კარგი სცენარია, მაგრამ ბაადურ წულაძეს ვერ ვენდობითო. როგორც იყო, დავარწმუნე, რომ ფილმს აუცილებლად გადავიღებდით. ჩაუშვეს გეგმაში და დავიწყეთ მსახიობების ძებნა. ბავშვებს დიდხანს ვეძებდით, რადგან თან „ხულიგნები“, თან სიმპათიურები უნდა ყოფილიყვნენ. მინდოდა, მთავარი როლი მე მეთამაშა, მაგრამ, ჯერ ერთი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ამ როლისთვის, მეორეც, შემეშინდა: ფილმი ძლივს ჩავიგდე ხელში და ახლა თამაშიც რომ მოვინდომო, შეიძლება პრობლემები შემექმნას-მეთქი. გადავწყვიტე თუ არა, რომ არ ღირდა ფილმში ჩემი თამაში, იმწამსვე იპოლიტე ხვიჩიას კანდიდატურა დაიბადა. პირველივე სინჯის დროს ვთქვი, რომ ბონდო დოლაბერიძის როლს ის ითამაშებდა. მართალია, მაშინდელი წესის თანახმად, სამხატვრო საბჭოზე სამი კანდიდატურა უნდა წარმედგინა, მაგრამ იპოლიტე ხვიჩიას ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ წინააღმდეგობა ვეღარ გამიწიეს. სამაგიეროდ, მე მეშიოდა: მე ახალბედა ვარ, ის კი – ცნობილი მსახიობი, თავისი კაპრიზები ექნება-მეთქი. მაგრამ ისე ამყვა, რომ მინიმალური პრობლემაც კი არ შეუქმნია ჩემთვის. იპოლიტე ხვიჩიასთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნება იყო.

ვინ არის ფეოლა?

სცენარის მიხედვით, ფეოლა იპოლიტეს გმირის მეტსახელია. ფეოლა ძალიან ცნობილი ბრაზილიელი მწვრთნელი იყო, ლეგენდარული პიროვნება, რომელმაც ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. მაშინ მწვრთნელებს მაყურებელი ნაკლებად იცნობდა, მაგრამ ფეოლა და ერერა („მილანის“ მწვრთნელი) იმდენად პოპულარულები იყვნენ, რომ მათი სახელი ყველამ იცოდა. ფილმშიც არის ასეთი ეპიზოდი, ფილიპოვს რომ აცილებენ აეროპორტში და ამბობენ: ახლა ფეოლას და ერერას ძახილი არ დაუწყოთო.

ერთხელ მივდივარ რუსთაველზე და ვხედავ, ერთ-ერთი ვიტრინიდან იპოლიტეს სურათი შემომცქერის. ზევით ავიხედე და ახლა წარწერა – „ფეოლა“ მომხვდა თვალში – ტოტალიზატორს უკეთებდნენ რეკლამას. თავად გამომიცხადეს, ბრაზილიელი მწვრთნელის სახელი დავარქვითო. საინტერესოა, მაშინ იპოლიტეს სურათი რად უნდოდათ?! თანაც დღეს უკვე ბევრი ვერ გიპასუხებთ კითხვაზე – ვინ არის ფეოლა?

გადარეული ბავშვები

ბავშვებმა გამაწამეს. წარმოიდგინეთ, როგორია ყოველდღე კადრში 22 გადარეული ბავშვის შეყვანა? სანამ ჩვენ სხვა სცენებს ვიღებდით, ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ და მათი გადაღების დროს უკვე გადაღლილები იყვნენ.

ხვედელიძე (გიორგი ცინცაძე) ბათუმში ვიპოვეთ. გვითხრეს, ისეთი ხულიგანია, ყველაფერს ჩაგიშლითო, მაგრამ ძალიან დამჯერი აღმოჩნდა. იპოლიტეს შვილის როლს კი შამილოვი თამაშობს. მე ეგეთი სიუშნოვე არ მინახავს – დილით მანქანას ვუგზავნიდით ხოლმე, გადაღებაზე რომ მოგვეყვანა. მახსოვს, პურის მოედანზე ცხოვრობდა, მთელმა უბანმა გაიგო, რომ კინოში იღებდნენ და ვინც არ იცნობდა, დარწმუნებული იყო, რომ ძალიან ლამაზი ბიჭი იყო და იმიტომ ავირჩიეთ. არადა, პირიქით – მსგავსი სასაცილო ტიპაჟი ცოტა თუ მინახავს. საერთოდ, ყველანი დამჯერი და სასაცილო ბიჭები იყვნენ, თუმცა ხულიგნები. ყოველ შემთხვევაში მე პრობლემებს არ მიქმნიდნენ. ერთადერთი, კიევში ყოფნის დროს იმდენი უჩხიკინეს, ლიფტი გამოიყვანეს მწყობრიდან და მაშინ გავუწყერი.

ამ ბავშვებიდან მსახიობი არცერთი არ გამხდარა. ისე, ერთხელ რომელიღაცას შევხვდი და თვითონ გამახსენა თავი – ძალიან გამიხარდა…

ქართველი ბურვილი

საოცრებაა, მაგრამ კადრს მიღმა იპოლიტე ისეთი სერიოზული ადამიანი იყო, ვერ წარმოიდგენთ. ზაფხული იყო და ოჯახით დადიოდა გადაღებებზე – სადღაც ხომ უნდა დავისვენოო? ძალიან თავმდაბალი კაცი იყო. მუშაობისას არანორმალური ენერგია ჰქონდა. წარმოიდგინეთ, საშინელ სიცხეში სტადიონზე მისული, ერთს არ დაიწუწუნებდა. კიევში გადაღების დროს სირბილისგან დაღლილი, ძლივს სუნთქავდა, მაგრამ მაინც არაფერი უთქვამს. გახსოვთ ალბათ წრეს რომ არტყამენ – ის წრე 400 მეტრი იყო. იმ დღეს კიევში ჩვენი ნაკრები თამაშობდა. სტადიონი ბოლომდე სავსე იყო. აბა, ამდენ ხალხს ჩვენ სად შევკრებდით?! შესვენების დროს რადიოთი გამოაცხადეს, ფილმს იღებენ და რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირეთ, იწივლეთ და ტაში დაუკარითო. ამ ეპიზოდს სამი ოპერატორი იღებდა – ფედნევი და ორიც კიეველი დოკუმენტალისტი. ვფიქრობ, შესანიშნავი კადრი გამოვიდა. რიგის ფესტივალზე აღფრთოვანებულმა მაყურებელმა იპოლიტეს სულ ქართველი ბურვილი (ცნობილი ფრანგი მსახიობი) ეძახა.

გადაღებები, ძირითადად, კიევსა და ბათუმში გვქონდა, რამდენიმე ეპიზოდი თბილისშიც გადავიღეთ. იპოლიტე სახურავებზე რომ ფორთხიალობს, ჩვენს ბოტანიკურ ბაღში ვიყავით და იქიდან ვიღებდით, ის კი ქვემოთ რომ სახლებია, იმის სახურავებზე დახოხავდა. ეშინოდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ბრწყინვალედ რომ თამაშობს, ფაქტია.

***

ფილმში დოლაბერიძის უფროსის როლს შესანიშნავი მსახიობი ვასილ ჩხაიძე თამაშობს. ბათუმში რომ ჩამოვიდა, ვხედავ, მოდის გაბრაზებული და მესმის სიტყვები „Мой рекс!“ – რუსულად უყვარდა ლაპარაკი. თურმე ბათუმში ძაღლით ჩამოვიდა და მასთან ერთად სასტუმროში არ უშვებდნენ. ბოლოს ეზოიანი ბინა უშოვეს და როცა ვკითხე, როგორ მოეწყვეთ-მეთქი, ისევ რექსზე დაიწყო საუბარი: ჩემი რექსი ძალიან კმაყოფილია, სულ დარბისო. გიჟდებოდა ამ ძაღლზე. პარალელურად თემურ ფალავანდიშვილი იღებდა ნოველას, სადაც ვასილ ისაკიჩი და სესილია თაყაიშვილი თამაშობდნენ, ძაღლი იქ სჭირდებოდათ და იმიტომ ჩამოიყვანა. საოცარი კაცი იყო, ნებისმიერი პერსონაჟის თამაში შეეძლო.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
გაზიარება