ბერძნული კრიზისი დასასრულს უახლოვდება – ციპრასმა ჰალსტუხი გაიკეთა

43

ევროკავშირმა ბერძნული კრიზისის დასრულების შესახებ განაცხადა. 2010 წელს საბერძნეთისთვის დაწყებული ფინანსური დახმარების პროგრამიდან გამოსვლის პირობებზე ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, ქვეყანას კრედიტების გადახდის დაწყების ვადა კიდევ ათი წლით გაუხანგრძლივდა და ვალების დაფარვა 2033-წლიდან მოუწევს. ათენი დახმარების სახით ბოლო ტრანშს – 15 მილიარდ ევროს მიიღებს.

საბერძნეთის საგარეო ფინანსური დახმარება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროგრამა გამოდგა. მის გარშემო არსებულმა პრობლემებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რვა წლის განმავლობაში ოფიციალურმა ათენმა სამი პროგრამის წყალობით საერთო ჯამში დახმარების სახით 240 მილიარდი ევრო მიიღო. ევროზონის დახმარების მიზანი საბერძნეთის მიერ საკუთარი მოთხოვნების დამოუკიდებელი ფინანსური უზრუნველყოფის მიღწევა იყო.

ცნობილია, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ჰალსტუხს არ ატარებს, თუმცა პირობა დადო, რომ თუკი ათენი სახელმწიფო ვალის პრობლემას გადაწყვეტდა, პრინციპს უღალატებდა. კრიზისის დაძლევის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ მთავრობამ 22 ივნისს საზეიმო შეხვედრა გამართა და ციპრასი პუბლიკის წინაშე შინდისფერი ჰალსტუხით გამოჩნდა

„როგორც ხედავთ, ჰალსტუხი მიკეთია – პირობა უნდა შესრულდეს”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა და აღნიშნა, რომ საბერძნეთი კვლავ ნორმალურ ქვეყნად იქცა. მართალია, ციპრასს ჰალსტუხი საკმაოდ მოუხდა, მაგრამ დიდხანს არ უტარებია. პრემიერის თქმით, ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მოგებული ბრძოლაა და ომი ჯერ არ დასრულებულა, ხოლო ჰალსტუხს ყოველი მომდევნო გამარჯვების შემდეგ სიმბოლურად კვლავ გაიკეთებს.

საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ფინანსური კრიზისის პროცესიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაყვანა, რადგან ამ ინსტიტუციას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად მიიჩნევს და არ სურს ევროპული ქვეყანა ამერიკულ ფინანსურ გავლენას დაექვემდებაროს. ეს საკითხიც საბერძნეთის სასარგებლოდ გადაწყდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ საბერძნეთის ვალსაც ევროკავშირი გადაიბარებს.

როგორც ჩანს, საბერძნეთის ფინანსური კრიზისის მოგვარება პოლიტიკური პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს. ვალის შესახებ მრავალწლიანი მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც საბერძნეთმა ე. წ. მაკედონიის საკითხის თაობაზე ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან შეთანხმებას მიაღწია. ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ გერმანიამ საკუთარი თანხმობა საკმაოდ ძვირად გაყიდა – კერძოდ, საბერძნეთს მოუწევს ლტოლვილთა გაზრდილ ნაკადს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. გერმანელები საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილთა მასის შეზღუდვას ცდილობენ და ამ ტვირთის ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებზე გადანაწილებას ესწრაფვიან.

იხილეთ ვიდეო:

კომენტარები
გაზიარება