ადვოკატ პაატა სიმსივეს განმარტებები ლეგალიზაციისათვის საჭირო ცნობის მოპოვების თაობაზე საცხოვრებლის შესახებ

490

საბერძნეთში ლეგალიზაციის პროცესში ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტია ცნობა საცხოვრებლის შესახებ. ადვოკატი პაატა სიმსივე განმარტავს, როგორ შეიძლება აღნიშნული ცნობის მოპოვება იმ შემთხვევაში, თუკი უშუალოდ თქვენ არ გაქვთ ნაქირავები ბინა მესაკუთრისგან:

„როდესაც ბინადრობის უფლების მოპოვებას ცდილობთ, შესაბამისი უწყებები გთხოვენ საცხოვრებლის შესახებ დამადასტურებელ დოკუმენტს. ბევრი ემიგრანტი ამას „ჩაწერას” უწოდებს. ხშირად ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, თუ როგორ შეიძლება ასეთი დოკუმენტის მოპოვება. ბევრ ადამიანს რატომღაც ჰგონია, რომ ეს რთულ და ხანგრძლივ პროცედურასთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში კი ასეთი დოკუმენტის მოპოვება საკმაოდ იოლია.

არალეგალურად მცხოვრები ადამიანების შემთხვევაში და ასევე იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ, მაგრამ არც ბინის მესაკუთრეები არიან და არც სახლი აქვთ ნაქირავები თავიანთ სახელზე, საცხოვრებლის შესახებ ცნობის მოპოვების ყველაზე მარტივი 2 გზა არსებობს:
ან,
1. მიიღონ N. 1599/1986 კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ხელწერილი (ბერძ. Υπεύθυνη Δήλωση) ისეთი ადამიანისგან, რომელსაც აქვს სახლი თავის სახელზე. ხელწერილში სახლის პატრონი უნდა ადასტურებდეს, რომ თქვენ ნამდვილად მის სახლში ცხოვრობთ. ასეთი ხელწერილის დადება შესაძლებელია ნებისმიერ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში (ბერძ. ΚΕΠ) და მისი შედგენა და დამოწმება სულ რაღაც რამდენიმე წუთის საქმეა.
ხელწერილის გარდა საჭიროა სახლის მეპატრონემ ასევე მოგცეთ სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი.
ან,
2. მიიღონ ზემოხსენებული ხელწერილი – Υπεύθυνη Δήλωση ისეთი ადამიანისგან, რომელსაც აქვს ნაქირავები სახლი თავის სახელზე. ხელწერილში დამქირავებელი უნდა ადასტურებდეს, რომ თქვენ ნამდვილად მის მიერ დაქირავებულ სახლში ცხოვრობთ.

დამქირავებლის გარდა საჭიროა კიდევ დამატებითი ხელწერილის (Υπεύθυνη Δήλωση) მოპოვება სახლის მეპატრონისგან, რომელიც დაადასტურებს, რომ იცის თავის სახლში თქვენი ცხოვრების შესახებ.
ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ზემოხსენებული ხელწერილების დადება შესაძლებელია ნებისმიერ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში (ბერძ. ΚΕΠ) და მისი შედგენა და დამოწმება სულ რაღაც რამდენიმე წუთის საქმეა.
ხელწერილების გარდა ასევე საჭიროა სახლის დამქირავებელმა ან მეპატრონემ მოგცეთ სახლის ქირავნობის ხელშეკრულების ელექტრონული ვერსიის ასლი (იხ. შაბლონი ქვემოთ მოცემულ სურათებში).
N. 1599/1986 კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ხელწერილის – Υπεύθυνη Δήλωση-ის ჩამოტვირთვა და ამობეჭდვა შესაძლებელია ამ ბმულიდან:

http://www.efepae.gr/files4users/files/Dilosi.doc

პოსტის უკეთესი ილუსტრაციისთვის, სურათებში მოყვანილია ათენის დეცენტრალიზებული ადმინისტრაციიდან მიღებული შაბლონი.
ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა ამავე დეცენტრალიზებული ადმინისტრაციის მიერ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს შვიდ წლიან ბინადრობის უფლების მიღებაზე, თუმცა არ არის გამორიცხული, იმავე ადმინისტრაციამ საცხოვრებლის შესახებ დამადასტურებელ ცნობად მომავალში ან უფრო ცოტა, ან უფრო მეტი დოკუმენტაცია მოითხოვოს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა უწყებებზე რომლებმაც ასევე შეიძლება მოგთხოვონ ან უფრო ცოტა, ან უფრო მეტი დოკუმენტი. მაგ., არსებობს შემთხვევები, როდესაც მხოლოდ მეპატრონის ან დამქირავებლის ხელწერილიც (Υπεύθυνη Δήλωση) საკმარისია და ბინის ნასყიდობის ან ქირავნობის ხელშეკრულება არც კი არის საჭირო. ის, თუ ზუსტად რამდენი საბუთის წარდგენას მოგთხოვთ რომელიმე უწყება, უნდა გაარკვიოთ ინდივიდუალურად თითოეულ უწყებასთან და შესაბამისად მოიქცეთ.

რა თქმა უნდა იმ კატეგორიის ადამიანებს ვისაც თავიანთ სახელზე აქვთ გაკეთებული ბინის ქირავნობის ხელშეკრულება ან ასეთ ხელშეკრულებაში არიან ჩაწერილები არ ესაჭიროებათ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი საბუთი. მათ შეუძლიათ საცხოვრებლის დამადასტურებელ დოკუმენტად გამოიყენონ ქირავნობის ხელშეკრულების ასლი”.

კომენტარები