კინო/ფილმებიარტისტი

ნატო ვაჩნაძის ბრწყინვალება და დაფერფლილი სიცოცხლე

1953 წლის 14 ივნისს წალენჯიხაში, რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიური სოფლის, ობუჯის თავზე კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლითაც მისი მეუღლე, ქართული კინოს ლეგენდა ნატო ვაჩნაძე (ქალიშვილობის გვარი – ანდრონიკაშვილი) მგზავრობდა. 1920-30-იანი წლების საბჭოთა კავშირის მეგავარსკვლავთან ერთად ცაში 13 ადამიანის სიცოცხლე დაიფერფლა. მსახიობის დამწვარი სხეული მისმა დამ, კირამ საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო.

იმ დღეს 49 წლის ნატო ვაჩნაძე მოსკოვიდან თბილისში მოფრინავდა. 14 ივნისი მისი დაბადების დღე იყო და აუცილებლად თბილისში უნდა ყოფილიყო, თავის უმცროს შვილთან. ვიღაც გალანტური ჯენტლმენი მას ბილეთს დაუთმობს. თვითმფრინავის გამოფრენამდე იგი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს ნაცნობ ქალაქში გასეირნებას და სეირნობის დროს ქუჩაში დიდი თეატრის სოლისტი დავით გამრეკელი ხვდება, რომელსაც იმ დღეს მოსკოვში კონცერტი ჰქონდა. ბატონ დავითთან ერთად იმყოფებოდა შემდგომში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ჩახუნაშვილი, რომელიც იხსენებდა, რომ თურმე დავით გამრეკელმა ნატო ვაჩნაძეს სთხოვა, ბილეთი ჩაებარებინა და საღამოს მის კონცერტს დასწრებოდა. ხვალ ერთად გავფრინდეთ თბილისში, რამდენიმე ადგილი დაჯავშნული მაქვსო, უთქვამს. ვერ დაუთანხმებია: „ვერა, ჩემო დათიკო, ძალიან მინდა შენს კონცერტს დავესწრო, მაგრამ უნდა მაპატიო, გადაუდებელი საქმეები მაქვს, ბავშვიც მელოდება…“ დავით გამრეკელი შემდგომში თურმე სიკვდილამდე ნანობდა, რატომ ძალა არ დავატანე და არ დავითანხმეო.

როდის დაიბადა ნატო ვაჩნაძე

არსებული ინფორმაციით, ნატო ვაჩნაძე საკუთარ დაბადების დღეს ტრაგიკულად დაიღუპა, თუმცა მისი დაბადების დღის საკითხი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსახიობი 14 ივნისს იყო დაბადებული, მეორე ვერსიით – 3 აპრილს. მსახიობის ვაჟი, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ამ ყველაფერს ხალხის მიერ შექმნილ ლეგენდას უწოდებს და აკონკრეტებს: „დედა 2 ივნისს დაიბადა“, – თუმცა როგორი დაბადების დღეები ჰქონდა, ვერ იხსენებს.

14 ივნისი იყო, 2 ივნისი თუ 3 აპრილი, მთავარია, რომ ნატო ვაჩნაძე დაიბადა. დაბადების ადგილი კი ნამდვილად ცნობილია: არა საქართველო, არამედ ვარშავა, სადაც მომავალი მსახიობის მამა – გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი ოფიცრად მსახურობდა. დედა – ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია პოლონელი იყო. კინოვარსკვლავის ძარღვებში არა მხოლოდ ქართული და პოლონური, არამედ იტალიური სისხლიც ჩქეფდა – დედის ბებია, ვოზოლი იტალიელი მომღერალი იყო, რომელიც თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს იტალიიდან მოუწვევიათ. ცოტა ხანში იგი ცოლად გაჰყოლია კაპელმაისტერსა და კომპოზიტორს – შენინგს, მათი ქალიშვილი – ნატოს დედის დედა კი ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყოლია, დედა კი – რუსი.

ნატო ვაჩნაძე და ვსევოლოდ პუდოვკინი; კადრი ფილმიდან „ცოცხალი ლეში“ (1929 წ.); ნატო ვაჩნაძე ბოშა ქალის როლში. ო. იგნატოვიჩის ფოტო.

ნატა თუ ნატო?

ხშირად ჩნდება ასეთი კითხვაც: „ნატა თუ ნატო?“ როგორც ელდარ შენგელაია ამბობს, სწორი არის ნატო. „ნატა მანამდე იყო, სანამ სტალინმა ნატო არ შეარქვა. ერთ-ერთ ქართულ დეკადაზე სტალინმა დედას თავისი ფოტო აჩუქა წარწერით: „ამხანაგ ნატოს სტალინისგან“. სტალინის წარწერას იმხელა მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ამის შემდეგ გახდა ნატო“.

ნატო ვაჩნაძე – პირველი ქალი საჭესთან საქართველოში

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში ავტომობილის საჭეს პირველად სწორედ ნატო ვაჩნაძე მიუჯდა. გიორგი შენგელაია იხსენებს: „დედა ომამდე მართავდა მანქანას და საკმაოდ კარგადაც. მამას „ემადინი“ ჰყავდა და როცა მას არ ეცალა, მანქანას დედა მართავდა. მე ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს. მერე დედამ და მამამ ეს მანქანა საბჭოთა არმიას ჩააბარეს – ომი რომ დაიწყო, ფრონტს მანქანები სჭირდებოდა და ასეთი პატრიოტული ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ შემდეგ, როდესაც ომი დამთავრდა, საბჭოთა მთავრობამ ასეთი კეთილშობილური ჟესტის სანაცვლოდ დედას პატარა გერმანული მანქანა „შტეერი“ აჩუქა, „ფოლკსვაგენის“ პირველი გამოშვება, მომრგვალებული ფორმის მცირე გაბარიტიანი ავტომობილი. მაშინ მამა უკვე გარდაცვლილი იყო. დედა მარტო გვზრდიდა ორ ბავშვს და, ბუნებრივია, საჭესთანაც თავად იჯდა. „ფოლკსვაგენს“ დაბალი „პასადკა“ ჰქონდა და ჩვენი გზებისთვის არ იყო გამიზნული. დედას კი კახეთში  სიარული უყვარდა. ჩაგვსვამდა მე და ელდარს მანქანაში და მივდიოდით. მაშინ კახეთში ამდენი ხიდი არ იყო და მანქანას ბევრ ადგილას გავლა უჭირდა. ხალხი რომ გაიგებდა, ნატო ვაჩნაძე მოდისო, მთელი სოფელი ქუჩაში გვხვდებოდა, ასწევდნენ ხელში ამ მანქანას და ისე გადაჰყავდათ“.

მსახიობის პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები

ნატო ვაჩნაძის პირველი მეუღლე მერაბ ვაჩნაძე იყო, რომელთანაც ვაჟი – თენგიზი (არქიტექტორი თენგიზ ვაჩნაძე) შეეძინა. ნატო და მერაბი მალე დასცილდნენ ერთმანეთს. 1939 წელს მერაბ ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა, ნატოს კი ბედმა ახალი, ბობოქარი სიყვარული აჩუქა. მისი მეორე მეუღლე ახალგაზრდა და ნიჭიერი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია გახდა, რომელთანაც ორი ვაჟი – ელდარი და გიორგი ეყოლა.

მსახიობმა ნიკოლოზ შენგელაიასთან მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი სამსახიობო სკოლა გაიარა: „ნათელა“, „გიული“, „ნარინჯის ველი“, „სამშობლო“ – ის ფილმებია, რომლებშიც ნატო ვაჩნაძემ პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა აითვისა. სწორედ ამიტომ მან ნიკოლოზ შენგელაიას „ჩემი ცხოვრების რეჟისორი“ უწოდა. სამწუხაროდ, ნიკოლოზ შენგელაია ავტოავარიაში დაიღუპა 1943 წელს.

ნატო ვაჩნაძის მესამე მეუღლე იყო ქართული საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი, შორეული ზღვაოსნობის ცნობილი კაპიტანი, თავისი დროის დიდი მეცენატი და გავლენიანი პიროვნება ანატოლი კაჭარავა, მაგრამ ამის შესახებ ნაკლებად არის ცნობილი. მან პირველად თურმე გემზე ნახა გაზეთი, რომელშიც ნატო ვაჩნაძის ფოტო იყო დაბეჭდილი; ძალიან მოსწონებია და უთქვამს: ეს ქალი ჩემი ცოლი გახდებაო, და ასეც მოხდა. 1954 წელს ნატომ მოსკოვში ჩააკითხა მეუღლეს და სწორედ იქიდან ბრუნდებოდა, როცა ავიაკატასტროფაში მოყვა. „მამამ ხუთი წელი იგლოვა ნატო, ამის შემდეგ კი დედაჩემი შეირთო ცოლად“, – იხსენებს ანატოლი კაჭარავას ქალიშვილი, პროფესიით ბიოლოგი დოდო კაჭარავა.

***

ამბობენ, ნატოს სტალინი სწყალობდა, თუმცა ბერია უმზერდა ცუდი თვალითო. ერთ-ერთი ვერსიით, მან ნატოს საყვარლობა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. სხვათა შორის, 1953 წლის 14 ივნისის ავიაკატასტროფის მიზეზად უამინდობას ასახელებდნენ, მაგრამ მაშინ ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ნატო ვაჩნაძე ბერიას შურისძიების მსხვერპლი გახდა. კინოვარსკვლავის ფერფლი და გადარჩენილი ხელი დიდუბის მიწას მიაბარეს. ქართული კინოს დედოფალი უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა.

ნატო ვაჩნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი 1981 წელს გაიხსნა გურჯაანში, ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში. მუზეუმში დაცული და გამოფენილია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები.

თამარ ოთიაშვილი 

ნატო ვაჩნაძე ფილმ „რკინის ბრიგადის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად, 1930 წ.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close