ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ოთარ სარალიძე – პოლონური თეატრის და კინოს ქართველი მსახიობი

„ჯერჯერობით პოლონეთის მიწაზე დავდივარ, მაგრამ საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემს გულში“, – ამბობს ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი ოთარ სარალიძე, რომელიც პოლონეთში ცხოვრობს, პოლონურ სერიალებსა და ფილმებში მონაწილეობს, ერთი წლის წინ კი ვარშავის თეატრის დასშიც ჩაირიცხა. ოთარ სალარიძე დედის – მსახიობ ნათია კავსაძის გზას გაჰყვა და წარმატებით მიიწევს წინ. ვფიქრობთ, პოლონელებს ნამდვილად გაუმართლათ, თავის საქმეზე შეყვარებული ინდივიდუალური ხელწერის და მომხიბვლელი გარეგნობის ქართველი მსახიობი რომ აღმოაჩინეს.

ოთარ, როგორ აღმოჩნდით პოლონეთში და ვარშავაში თეატრალურზე სწავლა რამ გადაგაწყვეტინათ?

პოლონეთში ბავშვობაში ჩამოვედი ოჯახთან ერთად – 90-იანი წლების დასაწყისში. ექვსი წლის ვიყავი, თბილისში რომ დავბრუნდით. სკოლაშიც, ცხადია, თბილისში დავიწყე სიარული, მაგრამ 12 წლის ასაკში ისევ პოლონეთში ჩამოვედი და აქ დავრჩი. სკოლა კრაკოვში დავამთავრე და ვარშავის თეატრალურ აკადემიაში სამსახიობოზე ჩავაბარე, სადაც 2000 კაციდან ბედნიერ ოცეულში მოვხვდი დრამის ფაკულტეტზე. უკვე ვიცოდი, რომ ცხოვრებას პოლონეთში გავაგრძელებდი და ამიტომაც გადავწყვიტე აქ ჩაბარება.

ფაქტია, დედის კვალს გაჰყევით ქალბატონ ნათია კავსაძეს საქართველოში ყველა კარგად იცნობსროდის მიხვდით, რომ მსახიობობა გინდოდათ?

რთულია ზუსტად გავიხსენო დრო, როცა მსახიობობა გადავწყვიტე, რადგან ეს აზრი ყოველთვის თან მდევდა, უბრალოდ, გამბედაობა არ მყოფნიდა, რომ ამაზე ხმამაღლა მელაპარაკა. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, მსახიობობა რამდენად რისკიანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ცხოვრება ხანმოკლეა და მირჩევნია, ის საქმე ვაკეთო, რომელიც მახალისებს და ძალას მაძლევს. აქვე გეტყვით, რომ დედაჩემს დიდი ზეგავლენა ჰქონდა ჩემზე, ყოველთვის მეუბნებოდა, მსახიობობა მშვენიერია, მაგრამ გზად ბევრ სირთულეს შევხვდებიო, მე კი… არა, დედა არასდროს ცდება, ერთშიც და მეორეშიც მართალი იყო.

ოთარ სარალიძე დედასთან – მსახიობ ნათია კავსაძესთან ერთად

როგორც ჩანს, ასე ახალგაზრდას არ გაგიჭირდათ პოლონეთში თავის დამკვიდრება, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდით, როცა სერიალში გადაგიღესმას შემდეგ, როგორც ვიცი, არაერთ სერიალსა და მხატვრულ სრულმეტრაჟიან თუ მოკლემეტრაჟიან ფილმში ხართ გადაღებულიამჟამად რა ხდება თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში, რა სიახლეებით ანებივრებთ პოლონელ მაყურებელს?

ვარშავის თეატრალურ აკადემიაში სტუდენტებს პირველი კურსის დამთავრების შემდეგ საშუალება ეძლევათ ითამაშონ სერიალებსა და თეატრებში, მაგრამ სწავლა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია. შესაბამისად, საშუალება მქონდა პროფესიონალურ გადასაღებ მოედნებსა და გასახმოვანებელ სტუდიებში პირველი ნაბიჯები გადამედგა. მეორე კურსზე ვიყავი, სერიალში „Barwy Szczescia“ („ცხოვრების ფერები“) რომ ვითამაშე. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. სტუდენტობის პერიოდშივე შედგა ჩემი კინოდებიუტიც ფილმში „Misja Afganistan“ („მისია ავღანეთი“), სადაც ავღანელი ტერორისტის როლი შევასრულე… ფილმში „Last Minute“ კი ახალგაზრდა არაბ ბიჭს, აჰმედს ვანსახიერებ… სპექტაკლებშიც ვმონაწილეობდი და, მოკლედ, სწორედ იმ პერიოდში გავიცანი ხალხი, რომლებთანაც დღემდე ვმუშაობ. შარშან ვარშავის დრამატულ თეატრში შტატში მიმიღეს, სადაც ერთი სეზონის გამავლობაში 4 სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. სულ რაღაც ორი კვირის წინ მქონდა პრემიერა (სპექტაკლი „მთვრალები“, პიესის ავტორი Ivan Wyrypajewi) დიდ სცენაზე, 600-კაციან დარბაზში. ჩემთვის ასეთ სცენაზე თამაში, პრაქტიკულად, დებიუტი იყო, რადგან ადრე შედარებით მცირე დარბაზებში ვთამაშობდი.

მათ შორის, თეატრპოლონიაში“…

თეატრ „პოლონიაში“ ახლაც ვთამაშობ, მაგრამ ისეთი სიხშირით არა, როგორც ადრე, რადგან ჩემს ახალ თეატრში ბევრი საქმე მქონდა და მაქვს.

უცხოელ მსახიობებს როგორ აფასებენ პოლონეთში?

არ არის პოლონეთში ბევრი უცხოელი მსახიობი. ისინი, ვისაც ვიცნობ, ძალიან კარგად ლაპარაკობენ პოლონურად და ეს არის პრიორიტეტი. თუ აქცენტი არ გაქვს, შანსი იმისა, რომ თეატრსა და გახმოვანების დარგში იმუშაო, საგრძნობლად იზრდება. ვიცნობ რამდენიმე რუს, სომეხ და ებრაელ მსახიობს, მაგრამ მათ ვიღაც პოლონელი ჰყავდათ ოჯახში, მე – არა, პოლონური სახის ნაკვთებიც არ მაქვს და სწორედ ჩემი არაპოლონური გარეგნობა დამეხმარა, რომ „Misja Afganistan“-ში და „Last Minute“-ში ვითამაშე. სერიალში „ცხოვრების ფერები“ კი პოლონელს ვთამაშობ – ვლაპარაკობ ჩვეულებრივად, როგორც პოლონელი.

პოლონელი მაყურებელი რას ითხოვს მსახიობებისგან?

ჩემი აზრით, იმავეს, რასაც ქართველი ან სხვა ერის მაყურებელი: მოითხოვს იმას, რომ მსახიობმა კარგად ითამაშოს და ისიამოვნონ სპექტაკლის, ფილმის ან სერიალის ყურების დროს. მაყურებელი ფულს იხდის და კარგ პროდუქტს ითხოვს. ჩვენ ისე უნდა „გავიყიდოთ“, რომ მაყურებელმა არ თქვას, უჰ, ეს რაში მივეცი ბილეთში ამდენი ფულიო. ისე არ არის, რომ ყველა მაყურებელს ერთი და იგივე მსახიობი მოსწონდეს. ბევრს ვიცნობ, რომელიც რომელიღაც მსახიობს ვერ იტანს, არადა, ვიღაც ამ მსახიობზე ჭკუას კარგავს – ეს ინდივიდუალური გემოვნების ამბავია. მე მიყვარს მსახიობი ქრისტიან ბალე, მაგრამ ბევრ ჩემს მეგობარს მიაჩნია, რომ ქრისტიან ბალე საერთოდ არ არის კარგი მსახიობი. კამათს ვერ დავუწყებ, იმიტომ რომ ასეთ ადამიანს ყოველთვის ექნება თავისი სათქმელი, ისევე როგორც მუსიკაზე ანდა საჭმელზე ვერ შევედავებით ადამიანს: ერთს უყვარს ხაჭაპური, მეორეს – პიცა და ასე შემდეგ…

თუ იცით, ბევრი ქართველია პოლონეთში?

ბოლო რამდენიმე წელია ხშირად მესმის ქართული ვარშავის ქუჩებში; ხშირად ვხვდები ქართულ რესტორნებს არა მარტო ვარშავაში, არამედ სხვა დიდ და პატარა ქალაქებში, რაც ალბათ ნიშნავს იმას, რომ პოლონეთში ქართველების რაოდენობა თანდათან გაიზარდა.

როდესაც საქართველო გენატრებათ, დედის გარდა, ვის ან რას იხსენებთ ხოლმე განსაკუთრებულად?

დიახ, დედას. ჩემს დას, ბებიას, ბაბუას… ბავშვობის ძმაკაცებს და ბულაჩაურს (აგარაკი, სადაც ყოველ წელს დავდივარ)…

გამოდის, რომ ხშირად სტუმრობთ საქართველოს.

ვცდილობ საქართველოში ხშირად ჩამოვიდე. ჩამოსვლას არასოდეს ვგეგმავ. როცა  შესაძლებლობა მაქვს, ჩამოვდივარ იმდენი ხნით, რამდენი დროც მაქვს.

ბავშვობა როგორ გახსენდებათ?

უჰ, ძალიან კარგად!.. განსაკუთრებით აგარაკზე გატარებული დრო. 90-იანი წლები ძალიან რთული და არასასიამოვნო პერიოდი იყო საქართველოში. ხშირად დედაჩემი სახლიდან ეზოში არ მიშვებდა და სწორადაც აკეთებდა. ბავშვობიდან დღეებს ვითვლიდი, როდის დადგებოდა ის დღე, როცა ბულაჩაურში ჩავიდოდით დასასვენებლად. იქ უმშვენიერესი ბუნებაა, სიწყნარე და სიმშვიდე… სუფთა ჰაერი და ბავშვები, რომლებთანაც ერთად წყნარად ვატარებდი არდადეგებს. იქ თავისუფალი ვიყავი. არაგვზე დავდიოდით საჭყუმპალაოდ და ტყეში მივდიოდით კოცონის დასანთებად. დღემდე ძალიან მიყვარს იქ სიარული. საქართველოში ჩემი ჩამოსვლა და ბულაჩაურზე ლაპარაკი ერთია. ბავშვობას ბევრი პლუსი ჰქონდა, ბევრზე არაფერზე ვფიქრობდი და სადარდელიც არ მქონდა ბევრი. ღობეებზე ძრომიალი და ძველ, მიტოვებულ სახლებში „შტაბების“ დაარსება ჩემთვის პრიორიტეტი იყო. ამის გარდა, Sony Playstation-ზე თამაში მიყვარდა. ახლა აღარც მაქვს მაგის დრო და იმდენი ხალისი, რომ ჩავრთო თამაში. Sony Playstation-ი არც კი მაქვს 🙂 …

პირად ცხოვრებაში რა ხდება? რომელიმე პოლონელმა გოგონამ ხომ არ მოიგო თქვენი გული, თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ცოლად ქართველი მოიყვანოთ?

ჩემთვის ეროვნებას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, არც რელიგიას – ამიტომაც მიხარია კეთილი ხალხის გაცნობა. არ ვზღუდავ ჩემს თავს მხოლოდ ქართველი გოგონებისთვის, ვზღუდავ თავს საინტერესო ხალხისთვის, ვისთანაც ენერგიას გავცვლი და რაღაც კარგს გავაკეთებ.

რატომღაც კონკრეტულად არ მიპასუხეთ, არის თუ არა შეყვარებული ეს სიმპათიური ქართველი მსახიობი? – პოლონელი ქალები უყურადღებოდ არ დაგტოვებდნენ

ჰა-ჰა-ჰა… 🙂 არ მყავს შეყვარებული. ყველაფერი წინ არის!..

ცხადია, წინ არის, მაგრამ საინტერესოა, მაინც რას აქცევთ დიდ ყურადღებას ქალის გაცნობისას? რით შეიძლება, რომ ქალმა მოგხიბლოთ?

ყველაფრით… არ მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები იმისთვის, რომ ქალმა მომხიბლოს. პლუს, არ დავიწყებ აკადემიკოსობას იმაზე, რომ ქალს იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს და ბარიერებს მიღმა აზროვნება უყვარდეს…

რა არის თქვენთვის უმთავრესი ცხოვრებაში?

ჩემთვის ცხოვრებაში მთავარი არის ჩემი ოჯახი, მეგობრები, ხალხი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება ნებისმიერ სიტუაციაში და მე – მათ გვერდით. ვერ წარმომიდგენია უახლოესი ადამიანების გარეშე არსებობა.

რას ეტყოდით პოლონეთიდან ქართველ მეგობრებს, ახლობლებს?

ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, რათა ყველამ თავისი ჭია ახაროს ცხოვრებაში ისე, რომ სხვას არ აწყენინოს. გვიყვარდეს ერთმანეთი! სიყვარული თუ არა, უბრალოდ, პატივი ვცეთ ერთმანეთს.

საქართველოში თუ აპირებთ დაბრუნებას?

არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ვოცნებობ, რომ ოდესმე საქართველოში ქართულად ვითამაშო – ეს არის ჩემი ერთ-ერთი ოცნება. ჯერჯერობით პოლონეთის მიწაზე დავდივარ, მაგრამ საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემს გულში.

ამჟამად რით ხარ დაკავებული, ოთარ, რომელ სპექტაკლში თამაშობთ?

ამჟამად ახალ სპექტაკლზე არ ვმუშაობ. უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ვცდილობ გადადებული პირადი საქმეები დავასრულო. პარალელურად, ცხადია, იმ სპექტაკლებში ვთამაშობ, რომლებიც რეპერტუარში გვაქვს. საერთოდ, თავისუფალ დროს სახლში ვატარებ, ვუყურებ ფილმებს, ან ვცდილობ ელექტრონული მუსიკა გავაკეთო – ეს ჩემი ახალი ჰობია. გარდა ამისა, მიყვარს დროის გატარება მდინარე ვისლაზე, სადაც უამრავი ხალხი იყრის თავს.

დამეთანხმებით, ახალგაზრდობა საოცარი ხანაა, ცხოვრების პოეზიაახალგაზრდა იმით არის ბედნიერი, რომ მას ეკუთვნის მომავალი. თქვენ, ფაქტობრივად, მომავლის მსახიობი ხართ და გისურვებთ, რომ არა მარტო პოლონეთის, ან საქართველოს მომავლის მსახიობი იყოთ, არამედ მსოფლიოში გაითქვათ სახელი მაგრამ მაინც, ახლა რას ფიქრობთ, რა არ მოგწონთ თქვენს თაობაში?

რთულია ვთქვა, რა არ მომწონს ჩემს თაობაში. ჩვენ ყველა ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, აღარ არსებობს ერთი მუსიკალური სტილი, ერთი გემოვნება და ერთი იდეოლოგია. ახლა ყველას თავისი აზრი აქვს და ცხოვრების თავისებური ხედვა. ასე თუ ისე, ყველა თავისებურად „თავისუფალი“ ადამიანია. მე არ მაქვს უფლება, ვიღაც გავამტყუნო იმისთვის, რომ უყვარს, ვთქვათ, თეთრი და არა შავი. ჩემი თაობა მომწონს, მიმაჩნია, რომ ჩემი თაობა არის ძალიან ძლიერი და მჯერა, რომ ბევრს მივაღწევთ – საერთოდ! მთელ მსოფლიოში! არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ დღევანდელი თაობა არ ვარგა. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ხშირად გვაკრიტიკებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც სარკეში ჩახედვა რცხვენიათ…

დაბოლოს, დედის – ქალბატონი ნათიას შეკითხვასაც უპასუხეთ: როგორ ხედავ საკუთარ თავს 25 წლის შემდეგ?

პრორეალისტურად ვუყურებ ყველაფერს, ამიტომაც მინდა, რომ 25 წელიწადში ყველაფერი კარგად იყოს. სუბიექტური პასუხია, მაგრამ… „კარგად“ ანუ ისე, როგორც დავიმსახურებ. იმედი მაქვს, 25 წელიწადში ბედნიერი ვიქნები – ეს არის და ეს…

დიდი მადლობა, ოთარ,  წარმატებებს გისურვებთ!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close