იტალიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ

253

იტალიის ახალი ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი აპირებს გაამკაცროს ზომები იტალიაში დევნილების ნაკადის შესამცირებლად. ამის თაობაზე სალვინიმ სიცილიაში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას იტალიური სააგენტო ANSA  (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „თავად იტალიელებს არ ჰყოფნით საცხოვრებელი ფართი და სამუშაო, ამას ემატება კიდევ აფრიკის კონტინენტის მოსახლეობის ნახევარი, – განაცხადა მინისტრმა, რომელსაც პრესამ უკვე მოუძებნა მეტსახელი „შერიფი“, – დროა შეწყდეს სიცილიის გადაქცევა ლტოლვილთა ევროპულ ბანაკად!“

„ვიღაცამ უაზროდ ივარაუდა, რომ მე დაინტერესებული ვარ ზღვაში ახალი ადამიანების დაღუპვით. რა სისულელეა! იმიგრანტები არ უნდა წამოვიდნენ თავიანთი ქვეყნებიდან“, – აღნიშნა მან და დაუმატა, რომ ამისთვის აფრიკის ქვეყნებთან იმუშავებს, კერძოდ, აპირებს ტუნისში გაემგზავროს. მატეო სალვინის თქმით, მისი წინამორბედის მიერ ქვეყნიდან  გაყვანილი 7 ათასი არალეგალი იმიგრანტი „აშკარად არასაკმარისია“ და ამ ტემპით იტალია პრობლემას „80 წლის განმავლობაში“ ვერ მოაგვარებს.

მინისტრმა სალვინიმ კრიტიკულად ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებზეც და მათ იმ „დამნაშავეთა ხელშემწყობები“ უწოდა, რომლებიც დევნილების გადაყვანით ფულს შოულობენ.

იტალიის ახალი მთავრობის წევრებმა ჯუზეპე კონტეს მეთაურობით ფიცი გასულ პარასკევს დადეს. იტალიის ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნა არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებს – „ლიგასა“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობას“ შორის მიღწეული კომპრომისის შედეგად, რომლებმაც თანაბრად გაინაწილეს მინისტრების პორტფელები. პარტიების ლიდერები ვიცე-პრემიერები გახდნენ, ამასთან, „ლიგის“ მეთაურმა მატეო სალვინიმ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ კი შრომის, სოციალური პოლიტიკის და ეკონომიკის სამინისტრო ჩაიბარა. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა კომპრომისული კანდიდატი, უპარტიო ჯუზეპე კონტე, რომელიც პროფესიით იურისტია.

სერჯო მატარელა და ჯუზეპე კონტე ახალი მთავრობის ფიცის დადებისას

ახალმა პრემიერ-მინისტრმა, 18-მა მინისტრმა და მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო მდივანმა პირველ ივნისს ფიცი დადეს ქვეყნის მეთაურის, პრეზიდენტ სერჯო მატარელას წინაშე, რომ ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას, თუმცა ახალ მინისტრთა კაბინეტს კანონიერი უფლება რომ მიენიჭოს, საჭიროა ნდობის კენჭისყრა იტალიის პარლამენტის ორივე პალატაში, რომელიც მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.

თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი შს მინისტრი მატეო სალვინი არალეგალურ იმიგრანტებთან საბრძოლველად მკაცრ პოლიტიკას გაატარებს.

ეს პრობლემა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია იტალიისთვის. ცოტა ხნის წინ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯოელ მილმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ევროპაში ხმელთაშუა ზღვით შემოსულ მიგრანტთა და დევნილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. მათგან 40%-მდე (დაახლ. 12 ათასი ადამიანი) იტალიამ მიიღო, 35%-მდე (10 500-მდე) – საბერძნეთმა, 25% კი (7 500-მდე) – ესპანეთმა.

კომენტარები
გაზიარება