კინო/ფილმები

საინტერესო ფაქტები კანის კინოფესტივალის შესახებ

საფრანგეთის  ქალაქ კანში 8 მაისს 2018 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაკანის 71- საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. მთავარი კონკურსისთვის ორგანიზატორებმა, თითქმის ორი ათასი ფილმის ნახვის შემდეგ, 21 სრულმეტრაჟიანი ფილმი შეარჩიეს. ვინ გახდებაოქროს პალმის რტოსმფლობელი, 19 მაისს გახდება ცნობილიფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტია.

ქეით ბლანშეტი წითელ ხალიჩაზე

რაც შეეხება მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებს კანის კინოფესტივალის შესახებ, აი, რას გამოყოფენ:

*კანის პირველი საერთაშორისო ფესტივალი 1939 წლის 1-ლ სექტემბერს უნდა გახსნილიყო და ვენეციის ფესტივალის ალტერნატივა გამხდარიყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ, მისი ჩატარება გადაედოთ. კინოს პირველი ფესტივალი კანში ომის შემდგომ პერიოდში 1946 წელს ერთ-ერთი კაზინოს შენობაში გამართა.

*თავიდან ფასტივალის ჩატარების სავარაუდო ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილებოდა, რომელთაგან ძირითადი მაინც ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ბიარიცი და ხმელთაშუა ზღვის ქალაქი კანი იყო. კანის სასარგებლოდ მთავარ არგუმენტად იქცა ქალაქის ადმინისტრაციის დაპირება, გამოეყოთ ადგილი და დახმარება გაეწიათ ფესტივალის ჩატარებაში.

*50-იან წლებამდე ფესტივალი შემოდგომაზე იმართებოდა, მაგრამ ტურისტების არასაკმარისი ნაკადის გამო ჩატარების დრო გაზაფხულისთვის გადაიტანეს. გარდა ამისა, კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა მისი ჩატარება გაზაფხულზე ბერლინისა და ვენეციის ფესტივალების გამოც გადაწყვიტეს, რომლებიც მრავალი ფილმის ხმაურიანი პრემიერის მოწყობის შესაძლებლობას უსპობდნენ.

*„ოქროს პალმის რტო“ 1954 წელს გაჩნდა და იდეის ავტორი იუველირი სიუზან ლაზონი იყო, რომელმაც საფესტივალო ჯილდოების ნიმუშად ორგანიზატორებს ქალაქის სიმბოლოს – პალმის შერჩევა შესთავაზა, პრიზის დიზაინი კი ფრანგმა რეჟისორმა ჟან კოკტომ მოიფიქრა.

*პირველი რეჟისორი ქალი, რომელმაც „ოქროს პალმის რტო“ დაიმსახურა, ჯეინ კემპიონი გახდა 1993 წელს, ფილმისთვის „პიანინო“. გარდა ამისა, კანის კინოფესტივალის ისტორიაში ის პირველად 2015 წელს გაიხსნა ქალი რეჟისორის ფილმით (ემანუელ ბერკოს „მაღლა აწეული თავით“).

*წითელი ხალიჩის მოედანი კანში ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს და ხალიჩამ პეწი რომ არ დაკარგოს, ყოველი ოფიციალური ჩვენების წინ დღეში სამჯერ ცვლიან.

ვარსკვლავები კანი-2018-ის წითელ ხალიჩაზე:

აიშვარია რაი

ჯულიანა მური
ლუპიტა ნიონგო
დიპიკა პადუკონე
ირინა შეიკი

*ტურისტების ნაკადის ზრდა კანის სასტუმროებს საშუალებას აძლევს, ამ პერიოდში საშუალოდ ხუთჯერ მეტი მოგება მიიღონ. კერძოდ, ფესტივალის ჩატარების დღეებში კანის სასტუმროები თავიანთი წლიური მოგების დაახლოებით 15 პროცენტს იღებენ.

*გრანდიოზული კინოფესტივალის ჩატარება 20 მილიონ ევრომდე ჯდება. საჭირო სახსრების ნაწილს სახელმწიფო გამოყოფს, ნაწილი ჯგუფური შენატანებია, ნაწილი კი ფინანსური პარტნიორებისაგან შემოდის.

*კანის მაცხოვრებლებს საპრემიერო ჩვენებებზე ბილეთების უფასოდ მიღება შეუძლიათ. ამისთვის მათ ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე მერიაში განაცხადი უნდა შეიტანონ საცხოვრებელი ადგილის მითითებით და პასპორტი წარადგინონ.

თამთა გურული

კანის 71-ე კინოფესტივალის ოფიციალური პოსტერი. კადრი ჟან-ლიუკ გოდარის ფილმიდან „შეშლილი პიერო“; ანა კარინა და ჟან-პოლ ბელმონდო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close