ორი ქართველი ხელოვანი ათენის სცენაზე წარმოდგენას გამართავს

190

თეატრის მოყვარულ ათენის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს მაისის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი ელით: 25 მაისს ქართველი რეჟისორის წარმოდგენის პრემიერა გაიმართება.

„კეფალინიას ქუჩის თეატრის“ მეორე დარბაზში წარმოდგენებს გამართავს რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი. მონოსპექტაკლში, რომელიც ფრანგი მწერალის, პოეტის, დრამატურგისა და კინორეჟისორის, ჟან კოკტოს ნაწარმოების, „ადამიანის ხმის“ მიხედვით დაიდგა, ახალი თაობის ქართული თეატრის წარმომადგენელი, ბუბა გოგორიშვილი ითამაშებს.

სპექტაკლმა საქართველოში თეატრის კრიტიკოსებისა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, ხოლო საბერძნეთში ქართველი ხელოვანები კომპანია Kart Productions-ისა და მარია ქსანთოპულიდუს მოწვევით ჩამოდიან.

ჟან კოკტოს „ადამიანის ხმა“ პირველად პარიზში, „კომედი ფრანსეში“ 1930 წელს დაიდგა და მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება.

სპექტაკლს მონოლოგის სახე აქვს. მოქმედება ხდება პარიზში – საშუალო ასაკის ქალი ტელეფონით ესაუბრება შეყვარებულს, რომელმაც მიატოვა და რომელიც მეორე დღეს უნდა დაქორწინდეს. მიტოვებულმა ქალმა უნდა გადაწყვიტოს, შეეგუება სიყვარულის დაკარგვას, თუ ვერა.

მიხეილ ჩარკვიანის რეჟისურით დადგმული სპექტაკლი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჟან კოკტოს ნაწარმოების კლასიკური ვარიანტისაგან. წარმოდგენა უფრო თანამედროვე და რეალისტურია.

წარმოდგენები გაიმართება ყოველდღე, 25 მაისიდან 1-ლ ივნისამდე, საღამოს 9 საათზე. მისამართი: კეფალინიას 18, კიფსელი, „კეფალინიას ქუჩის თეატრი“. სპექტაკლის ხანგრძლივობაა 60 წუთი.
იხილეთ ვიდეო:

 

კომენტარები
Загрузка...