ისტორია

ოპერაცია „ოქროს საწმისი“ – ბერძნების ევაკუაცია სოხუმიდან აფხაზეთის ომის დროს

ნაკლებად ცნობილი ისტორიის დეტალები

1992 – 1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს მოხდა ერთი ამბავი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია: საბერძნეთის მთავრობამ განახორციელა ჰუმანიტარული აქცია, რომლის მიზანი რეგიონში მცხოვრები პონტოელი ბერძნების ევაკუაცია იყო.

როდესაც აფხაზეთში სისხლისმღვრელი ომი დაიწყო, ადგილობრივი ბერძნული მოსახლეობა ბრძოლების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მათი საერთო რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 15-იდან 17 ათასამდე იყო. ბერძნებმა, განსხვავებით სხვა ეროვნების წარმომადგენლებისგან, მაგალითად, სომხებისგან, კონფლიქტში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს. ამ გარემოებამ შესაძლებლობა მისცა საბერძნეთის მთავრობას, განეხორციელებინა ოპერაცია, რომელზედაც ქვემოთ გიამბობთ.

კონფლიქტის დაწყებიდან ორი თვეც არ იყო გასული, როდესაც 1992 წლის პირველ ნოემბერს თესალონიკში ბერძენ ლტოლვილთა ექვსი ორგანიზაცია შეიკრიბა. მათ საბერძნეთის მთავრობისგან მოითხოვეს, ლტოლვილებად ეღიარებინათ ყველა ბერძენი, რომელიც კონფლიქტის ზონიდან საბერძნეთში ჩამოსვლას მოახერხებდა და ისინი აუცილებელი პირობებით უზრუნველეყო. ამას გარდა, მათ მოითხოვეს ჰუმანიტარული დახმარება ბერძნებისთვის აფხაზეთში და, უფრო მეტიც, მთელი საქართველოსთვის ორგანიზებული დახმარების გაწევა.

1993 წლის 8 თებერვალს ყოფილი საბჭოთა კავშირის ბერძნულ სათვისტომოთა ფედერაცია „პონტოსმა“ საბერძნეთის მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართა. მიმართვას ხელს აწერდა გავრილ პოპოვი, რომელიც იმჟამად ახალი გადამდგარი იყო მოსკოვის მერის თანამდებობიდან.

თავდაპირველად საბერძნეთის მთავრობა პრობლემით არ ინტერესდებოდა, მაგრამ ზეწოლამ შედეგი გამოიღო. 1993 წლის 20 თებერვალს საქართველოს ბერძნული ორგანიზაციების წარმომადგენლობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვირგინია ცუდერუს შეხვდა. მათ მოითხოვეს გემის გაგზავნა, რომელიც ბერძნების ევაკუაციას მოახდენდა. რამდენადაც მთავრობა სიტყვიდან საქმეზე გადასვლას არ ჩქარობდა, 1993 წლის აპრილში ათენში საბერძნეთის პონტოელ ბერძენთა მიერ ორგანიზებული 5-ათასკაციანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

საბოლოოდ აფხაზეთიდან მოსახლეობის გამოყვანის გადაწყვეტილება მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვირგინია ცუდერუმ მიიღო.

ვირგინია ცუდერუ

ოპერაციას მიანიჭეს კოდური სახელწოდება „ოქროს საწმისი“. სოხუმს მაშინ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა, მაგრამ ქალაქს აფხაზები უტევდნენ. მთავარი პრობლემა იყო გემის შესვლის მომენტისთვის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა. ამ მიზნით 21-30 ივლისს თბილისში სამი ბერძენი დიპლომატი აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან. 27 ივლისს მოხერხდა ცეცხლის დროებით შეწყვეტა და საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთში ჩავიდნენ, რათა საქმის დეტალები დაეზუსტებინათ – წასვლის მსურველების მოძებნა, სიების შედგენა და პასპორტების მიცემა.

ვირგინია ცუდერუ 1993 წლის ივნისში ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ოპერაციისთვის გამოიყენეს გემი Viscountess, რომელიც კომპანია Marlines-ს ეკუთვნოდა. ეს გემი საბერძნეთსა და იტალიას შორის მოძრაობდა. ხომალდი მისიის შესასრულებლად საიდუმლოდ გაიგზავნა. გემზე ეკიპაჟის გარდა საბერძნეთის არმიის გენშტაბის წარმომადგენლები, სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლები და ექიმები იმყოფებოდნენ. ოპერაციის ხეlლმძღვანელად დაინიშნა საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი ვასილის დერტილისი.

ვასილის დერტილისი

15 აგვისტოს გემი სოხუმში ჩავიდა. სწრაფად გადატვირთეს ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ქართულ მხარეს გადასცეს და აიყვანეს მგზავრები, რომლებსაც უკვე გავლილი ჰქონდათ მგზავრობისთვის საჭირო პროცედურები. გემზე მაშინ 1013 მგზავრი აიყვანეს. ბევრი ბერძენი დარჩა, რადგან არ სურდათ საკუთარი სახლების დატოვება ან ლტოლვილად ცხოვრება, ან იმედი ჰქონდათ, რომ ომი მალე დასრულდებოდა და ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდებოდა.

17 აგვისტოს სოხუმიდან მომავალი გემი ალექსანდრუპოლის პორტში შევიდა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close