ლიტერატურა/წიგნებიქართველები უცხოეთშიინტერვიუ

იუნონა გურული: „ბერლინის კედლის ნამტვრევების წამოღება მაინც მოვახერხე“

იუნონა გურული თავის 12 წლის ვაჟიშვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. მისი ბიოგრაფია ახალგაზრდობიდანვე დაუკავშირდა გერმანიას, სადაც განათლებაც მიიღო და საბოლოოდ ამ ქვეყანაში არჩია ცხოვრება. იგი წერს მოთხრობებს, რომელთა ნაწილი ავტობიოგრაფიულია.
„ის მართლა არაჩვეულებრივი მწერალია. მისი მოთხრობების კითხვა რომ დავიწყე, ბავშვებისდროინდელი მარწყვები გამახსენდა: მარწყვს ყოველთვის ნელა ვჭამდი ხოლმე, რომ ეს სიამოვნება დიდხანს გაგრძელებულიყო და ვისაც ჩემნაირი ბავშვობა ჰქონდა, იუნონა გურულის მოთხრობების წაკითხვისას ალბათ ჩემსავით მარწყვის ჭამა გაახსენდება. ჩემსავით ალბათ ისიც გაუკვირდება, რომ მანამდე არაფერი იცოდა ამ ქართველი ავტორის შესახებ…“ – წერს დათო ტურაშვილი იუნონა გურულის პირველი მოთხრობების კრებულის, „დიაგნოზის“ წინასიტყვაობაში, რომლისთვისაც ავტორი 2016 წელს ლიტერატურული კონკურსის – „საბას“ გამარჯვებული გახდა საუკეთესო დებიუტისთვის.

იუნონა, როგორც ვიცი, გერმანიაში ცხოვრობთ. როგორ მოხვდით იქ და რატომ აირჩიეთ უცხო ქვეყანაში ცხოვრება?
დიახ, გერმანიაში ვცხოვრობ, ამჟამად – ბერლინში. აქ სულ პირველად მოვხვდი გასტროლებზე ცეკვის ანსამბლ „მართვესთან“ ერთად 1989 წელს. ზუსტად იმ დროს დაემთხვა ბერლინის კედლის დანგრევა, ამიტომ 4-კვირიანი გასტროლები სასწრაფოდ შეგვაწყვეტინეს და 10 დღეში უკან დაგვაბრუნეს. კედლის ნამტვრევების წამოღება მაინც მოვახერხე, თუმცა პატარა ასაკიდან გამომდინარე, დიდად ვერ ვხვდებოდი ვერც იმ კედლის დანგრევის მნიშვნელობას და ვერც ჩვენი უკან გაწვევის მიზეზს.

შემდეგ 1994 წელს წავედი გერმანიაში გაცვლითი პროგრამით. ვსწავლობდი რაიხერსბოიერნის (Reichersbeuern) სკოლაში, ბავარიაში. გეხსომებათ, საქართველოში მაშინ რა სიტუაციაც იყო. ერთ-ერთ გერმანულ არხზე გავიდა სიუჟეტი საქართველოზე და რამდენიმე დღეში ჩემს ოთახში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების უზარმაზარი გროვა დამხვდა, რომელიც თანასკოლელებს შეეგროვებინათ, რომ საქართველოში წამომეღო და დამერიგებინა. ახლაც გული მიჩუყდება, ეს ამბავი რომ მახსენდება.

თბილისში სკოლა რომ დავამთავრე, ჯერ თეატრალურში, სამსახიობო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჟურნალისტიკაზე. 1999 წელს მომივიდა მოწვევა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან. ბერლინიდან ჰანოვერში გადავედი, შემდეგ – ფრაიბურგში, სადაც დავამთავრე პოლიტოლოგიის და უახლესი ისტორიის ფაკულტეტები მაგისტრის დიპლომით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდა, ვეღარ მოვერგე იქაურობას და დაახლოებით ორი წლის შემდეგ ისევ ბერლინში დავბრუნდი. მას შემდეგ აქეთ ვარ, თუმცა თბილისში წელიწადში ორჯერ მაინც ჩავდივარ.

რამდენი ხანია, რაც წერთ და რაზეა თქვენი მოთხრობები?
ბავშვობიდან ვწერდი, თუმცა არასდროს მიფიქრია რამის გამოქვეყნება. ძალიან პირადული იყო ჩემთვის ის, რასაც ვწერდი, ამიტომ მხოლოდ ახლო მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვაკითხებდი. სამი წლის წინ დათო ტურაშვილმა წაიკითხა ჩემი მოთხრობები და დიდი ძალისხმევით დამარწმუნა, წიგნი გამომეცა. რადგან მოთხრობების ნაწილი ავტობიოგრაფიულია, საკმაოდ გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. წიგნის გამოცემა კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. „დიაგნოზი“ ჯერ კონკურს „ლიტერას“ ფინალში მოხვდა, შემდეგ – „საბას“ ფინალში; საბოლოოდ საუკეთესო დებიუტისთვის მივიღე „საბა“. მალე ჩემი მოთხრობების კრებული გერმანულადაც გამოვა btb Verlag-ში. წიგნის სახელია „სინათლე მაინც იყოს, სანამ დაბნელდება“. „დიაგნოზში“ შესულ მოთხრობებს რამდენიმე ახალიც დაემატება.

ბოლო ორი წელია რეგულარულად ვმონაწილეობ ლიტერატურულ საღამოებში, გარდა ამისა, ქართულ ლიტერატურას ვთარგმნი გერმანულად. ჩემი საკუთარი წიგნის ჩათვლით, რვა წიგნი ვთარგმნე, მათ შორის, აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“, ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“…

ვწერ უმეტესად ქალებზე, გოგონებზე, მათ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი, სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში აწყდებიან – მაგალითად, ოჯახურ ძალადობაზე, საზოგადოების გულგრილობაზე…

როგორც ვიცი, 19 აპრილს თქვენი ლიტერატურული საღამო გაიმართა…
ჩემი მორიგი ლიტერატურული საღამო ბერლინში, ფრიდრიხსჰაინის (Friedrichshain) ფოტოგალერეაში, პიტერ ოლმანის (Peter Oehlmann) გამოფენის – Georgien – Wege und Bilder („საქართველო – გზები და სურათები“) ფარგლებში გაიმართა. პიტერ ოლმანი არის გერმანელი ფოტოგრაფი, რომელმაც რამდენჯერმე მოიარა საქართველო და ეს ძალიან საინტერესო გამოფენა მოაწყო. პიტერმა შარშან „ვილა ელიზაბეთში“ გამართულ საქართველოსადმი მიძღვნილ დიდ ღონისძიებაზე (Georgien allein zu Haus) მოისმინა ჩემი მოთხრობები და მაშინვე გაუჩნდა ამ ერთობლივი საღამოს გამართვის სურვილი.

Gori, Peter Oehlmann, 2017

თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
წერის და თარგმნის გარდა, რასაც ჩემი დროის 80% მიაქვს, ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით, დღეში რამდენიმე კილომეტრს. ვხატავ, ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, მეგობრებს ვხვდები, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას ვესწრები.

რომელია თქვენი საყვარელი ნივთი, რომელსაც სულ თან დაატარებთ თილისმად?
ეგეთი ნივთი ალბათ ჩემი უბრალო შავი ბეჭედია, რომელიც მოუხსნელად მიკეთია, მგონი, მეექვსე წელია. სხვა სამკაულებს არ ვწყალობ.

თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?                                                                                         

მყავს 12 წლის შვილი – ნიკუშა, რომელიც ბერლინში შილერის სახელობის გიმნაზიაში სწავლობს; დედა და ბებია თბილისში ცხოვრობენ.

საქართველოში დაბრუნებას ხომ არ უკავშირებთ სამომავლო გეგმებს?
საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას ჯერჯერობით არ ვაპირებ. როდესაც ნიკუშა გიმნაზიას დაამთავრებს, უნივერსიტეტში ჩააბარებს და ცალკე გადავა, ვაპირებ ჩავალაგო ერთი ზურგჩანთა, მოვისროლო მობილური და სამოგზაუროდ წავიდე. იმდენად არ მიყვარს ერთ ადგილას გაჩერება, რომ გერმანიაში ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე მაქვს ქალაქი შეცვლილი, ბინა – მინიმუმ 30-ჯერ. ასე რომ, ჯერ ძალიან ბევრს ვიხეტიალებ და მერე ვნახოთ, საით გადამისვრის ქარი.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close