ექიმები კიფისიაში მომხდარი ყაჩაღობის დროს დაჭრილი ბიზნესმენის გადარჩენას ცდილობენ

184
Photo: EUROKINISSI

ორ აპრილს კიფისიაში მომხდარი ყაჩაღობის შედეგად დაზარალებული ალექსანდროს სტამატიადისი მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.

როგორც ათენის „გენიმატას“ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, პაციენტს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი და, რადგანაც ბევრი სისხლი დაკარგა, მისი მდგომარეობა კრიზისულია; ექიმები დაზიანებული სასიცოცხლო ორგანოების აღდგენას ცდილობენ. ოპერაცია ათი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ექიმები იძულებული გახდნენ, პაციენტისთვის ერთი თირკმელი ამოეღოთ.

ბიზნესმენის მეუღლემ  საავადმყოფოში მისულ ჟურნალისტებს სთხოვა ელოცათ მისი ქმრის გადარჩენისთვის. ქალბატონი ასევე აცხადებს, რომ თავდამსხმელები ბერძნულად საუბრობდნენ და მათი ბრძანებების შესრულებას ითხოვდნენ.

პოლიცია თავდამსხმელების კვალის მიგნებას ცდილობს, მაგრამ სახლის დათვალიერებამ რაიმე ხელშესახები შედეგი არ გამოიღო. მეპატრონეს არ ჰქონდა დამონტაჟებული სიგნალიზაცია და უსაფრთხოების კამერები. მეზობელი სახლების უსაფრთხოების კამერების დათვალიერებამაც შედეგი არ გამოიღო. სამართალდამცველები, დაზარალებულის მეუღლის ჩვენებაზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ ორი მძარცველი იყო და ისინი სტამატიადისის მძევლად აყვანას აპირებდნენ. ბოლო ცნობების თანახმად, თავდამსხმელები ბერძნულად კარგად მოსაუბრე უცხოელები იყვნენ.

კომენტარები