მოგზაურობამსოფლიო

აშშ-ის სავიზო განაცხადის შევსებისას სოციალური ქსელების მონაცემებს ითხოვენ

ამერიკის შეეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ პოტენციურმა ემიგრანტებმა აშშ-ის ვიზის მოთხოვნისას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მათი ანგარიშების მონაცემები წარადგინონ. ამის შესახებ CNN-ი წერს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების მიხედვით, ეს ცვლილება ყველა განმცხადებელს შეეხება. თეთრი სახლის ცნობით, აღნიშნული მოთხოვნა დაახლოებით 15 მილიონ პოტენციურ ემიგრანტზე იმოქმედებს, მათ შორის, ადამიანებზე, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიღება სურთ. გამონაკლისია დიპლომატიური ვიზა.

გარდა ამისა, შესავსებ კითხვარს დაემატება შეკითხვები ძველი ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართების, საიმიგრაციო კანონის დარღვევის შესახებ. კითხვარში უნდა ჩაიწეროს, აგრეთვე, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ტერორისტული საქმიანობითაა დაკავებული.

ახალი წესების თაობაზე დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურად დღეს გამოაქვეყნებს და 60 დღის შემდეგ შევა ძალაში.

დონალდ ტრამპმა 6 მარტს მოაწერა ხელი ბოლო საიმიგრაციო განკარგულებას, რომელიც 90 დღით კრძალავს აშშ-ის ტერიტორიაზე შემდეგი 6 ქვეყნის მოქალაქეების შესვლას: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი.

120 დღით შეწყდება, აგრეთვე, დევნილების მიღების პროგრამაც. თუმცა ეს არ შეეხება მათ, ვისაც ამერიკაში ჩასვლის დრო უკვე განუსაზღვრეს, შესვლის ნებართვა მისცეს, ან უკვე ჩავიდა ქვეყანაში.

წყარო: „იმედი ნიუსი“

ორიგინალური ვერსია: https://imedinews.ge/ge/msoflio/55104/ashshshi-savizo-ganatskhadisas-sotsialur-qselebis-monatsemebis-tsardgena-savaldebuli-gakhdeba

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close