მსოფლიოპოლიტიკაnews

აშშ-იდან 60 რუს დიპლომატს აძევებენ

თეთრმა სახლმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ 60 რუს დიპლომატს ერთი კვირა მისცა იმისათვის, რომ ქვეყანა დატოვონ. ასეთი გადაწყვეტილება შეერთებული შტატების მთავრობამ დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის გამო მიიღო. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა გადადგა რადიკალური ნაბიჯი და სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.

სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან, იულიასთან ერთად

მიმდინარე წლის 4 მარტს 66 წლის სერგეი სკრიპალი, თავის 33 წლის ქალიშვილთან ერთად, უგონო მდგომარეობაში იპოვეს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი, „ნოვიჩოკის“ კლასის ნივთიერება გამოიყენეს. მძიმედ მოწამლული სკრიპალი და მისი ქალიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება.

ერთ-ერთ მთავარ ვერსიად განიხილება შურისძიება, რადგან სრკიპალმა ბევრი რუსი აგენტი ამხილა და მათ შესახებ ინფორმაცია დიდ ბრიტანეთს გადასცა.

თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სკრიპალი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, ხოლო ჯაშუშის მკვლელობა მისი შეწყალების შემდეგ სპეცსამსახურების დაუწერელი კანონების დარღვევაა (BBC).

მაგ., „ნოვიჩოკის“ ერთ-ერთმა შემქმნელმა ლეონიდ რინკმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ  დაზვერვის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამლვის მოტივი რუსეთს არ ჰქონდა, რადგან სკრიპალისგან ყველანაირი ინფორმაცია ორივე მხარეს მოპოვებული აქვს. „მით უმეტეს, რუსეთი ამას არ გააკეთებდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ან თუნდაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ნამდვილი დივერსიული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ვერავინ გადარჩებოდა. მძლავრი რაკეტა ესროლო ადამიანს და ვერ მოახვედრო – უგნურების პიკია“, – აღნიშნა ცნობილმა ქიმიკოსმა.

ლეონიდ რინკი

რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი თავდაპირველად ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს მოსკოვში 2006 წელს, 4 წელი ციხეში იყო, 2010 წელს კი პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შეიწყალა 3 სხვა აგენტთან ერთად. იგი აშშ-ში გაგზავნეს დაზვერვის აგენტების გაცვლის პროცესში. იმავე წელს სერგეი სკრიპალი ბრიტანეთში გადავიდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

14 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ამ ინციდენტში რუსეთის ხელი ურევია და ქვეყნიდან გააძევა 23 რუსი დიპლომატი, რომლებიც პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთმა აგენტის მოწამვლაში თავისი ბრალი უარყო და ბრიტანეთს იმავე ნაბიჯით უპასუხა: 23 ბრიტანელ დიპლომატს რუსეთის ტერიტორია დაატოვებინა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა; პეტერბურგის საკონსულო დაიკეტა, ბრიტანეთის საბჭომ კი მუშაობა შეწყვიტა.

22 მარტს ბრიუსელში დაწყებულ ევროკავშირის სამიტზე სკრიპალის თემა ერთ-ერთი მთავარი იყო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, აგრეთვე, განიხილავს საკითხს, რომ რუსეთის დიპლომატებს საკუთარი ტერიტორია დაატოვებინოს, ან თავისი წარმომადგენლები გამოიწვიოს რუსეთიდან.

ცნობისათვის: „ნოვიჩოკი“ (რუს. Новичок – „ახალბედა“) – ფოსფორორგანული მომწამლავი ნივთიერებების ოჯახია, რომელთაც ნერვულ-მაპარალიზებელი მოქმედება ახასიათებს (აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორი). ის 1970-80-იან წლებში შეიქმნა საბჭოთა კავშირში და ყველაზე სასიკვდილო ნივთიერებად არის მიჩნეული. სსრკ-ში „ნოვიჩოკის“ შექმნის პროგრამა  მიმდინარეობდა კოდური სახელწოდებით „ფოლიანტი“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close