მსოფლიოპოლიტიკაnews

ერდოღანი: „ბერძნებმა გაიხსენონ, როგორ უშველეს თავს ზღვაში გადახტომით“

11 მარტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი მმართველი პარტიის საქარიის ოლქის რეგიონული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა, რომელშიც საბერძნეთის მიმართ მუქარის შემცველი ფრაზები იყო. პრეზიდენტის განცხადებით, „იმათ, ვინც საკუთარ სიგრძეზე მეტ განცხადებას აკეთებენ, კარგი ისტორიული წიგნი უნდა წაიკითხონ და არა ზღაპრები. წაიკითხონ, როგორ გადაურჩნენ საქარიის ველზე დამარილებულ თევზებად ქცევას და როგორ უშველეს თავს ზღვაში გადახტომით”.

აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტმა ერდოღანმა 1921 წლის აგვისტოში მდინარე საქარიასთან საბერძნეთის ჯარის დამარცხება გაიხსენა. ამ ბრძოლიდან ერთი წლის შემდეგ თურქებმა ბერძნები მცირე აზიიდან განდევნეს. საბერძნეთის ჯარმა და ქალაქ სმირნის მოსახლეობამ მაშინ გემებით დატოვეს ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო და, ამგვარად, ეს მხარე საბოლოოდ გადავიდა თურქეთის მფლობელობაში.

ერდოღანის დამამცირებელი გამონათქვამი, სავარაუდოდ, საბერძნეთის პრეზიდენტის, პროკოფის პავლოპულოსის განცხადებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც, თურქეთთან მეგობრობა დამოკიდებულია მის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების პატივისცემასა და საზღვრების ურღვევობის პრინციპის ერთგულებაზე.

ზოგადად, ერდოღანი ბოლო დროს საკმაოდ აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, მათ შორის, საბერძნეთის მისამართით. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია წინასაარჩევნო სიტუაციით – წელს თურქეთში ახალი კონსტიტუციით პირველად ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და ერდოღანს, რომელიც თავად იყო კონსტიტუციის შეცვლის ინიციატორი, სურს, ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეზიდენტი გახდეს. ასეთ შემთხვევაში მას საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელება მნიშვნელოვნად გაუადვილდება.

ერდოღანმა საარჩევნოდ ალიანსი შეკრა პანთურქისტული ნაციონალისტური მოძრაობის პარტიასთან, რის შემდეგაც მისი რიტორიკა ბევრად უფრო ნაციონალისტური და აგრესიული გახდა. ალიანსის შექმნა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ერდოღანის ისლამისტურ პარტიას ამომრჩევლების დაახლოებით ნახევარი უჭერს მხარს და გამარჯვების უზრუნველსაყოფად ნაციონალისტური შეხედულებების მქონე ამომრჩევლების ხმების მიზიდვა სჭირდება. ამავე დროს, რთული სათქმელია, რამდენად უფრო მშვიდობიანი გახდება მისი რიტორიკა გამარჯვების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მას შესაძლოა ნაციონალისტების მხარდაჭერის შესანარჩუნებლად არა მარტო მკაცრი რიტორიკის გამოყენება, არამედ კონკრეტული აგრესიული ნაბიჯების გადადგმა დაჭირდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close