იარაღი და სროლა ბერძნულ საფეხბურთო მოედნებზე

26

ორიოდე დღის წინათ თესალონიკში საფეხბურთო კლუბ „პაოკის” პრეზიდენტის, ივან სავიდისის მოედანზე იარაღით შეჭრის ფაქტმა მსოფლიო გააოგნა. აღმოჩნდა, რომ ასეთი ამბავი დანარჩენი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროსთვის ყოფილა უცხო და მიუღებელი, ხოლო საბერძნეთში კი ეს არც პირველი და, სავარაუდოდ, არც ბოლო შემთხვევაა.

1985 წლის 2 ოქტომბერს ათენის „პანათინაიკოსი“ უეფას თასზე იტალიურ „ტორინოს“ მასპინძლობდა. შეხვედრას ცნობილი ფრანგი რეფერი მიშელ ვოტრო მსაჯობდა. მასპინძლებმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს და „პანათინაიკოსის“ მაშინდელმა მფლობელმა გიორგოს ვარდინოიანისმა ჩათვალა, რომ ყველაფერში დამნაშავე ფრანგი არბიტრი იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ის მსაჯების გასახდელში შევიდა და ვოტროს პისტოლეტით დაემუქრა. გაცოფებულ ვარდინოიანისს მისივე დაცვის წევრებმა წაართვეს იარაღი და ფრანგი სიკვდილს გადაარჩინეს. მართალია, ბერძნები ფაქტს უარყოფდნენ, მაგრამ მიშელ ვოტროს მიერ დაწერილი საჩივრის შემდეგ გიორგოს ვარდინოიანისს 4 წლით აეკრძალა ფეხბურთში მოღვაწეობა, ხოლო „პანათინაიკოსს” 6 მილიონ 500 ათასი დრაჰმა ჯარიმა დააკისრეს.

1999 წლის 15 ნოემბერს „აეკი“ „ოლიმპიაკოსს“ მასპინძლობდა. მატჩი სტუმრებმა ანგარიშით 0-2 მოიგეს. მასპინძლები არბიტრის მოქმედებით უკმაყოფილონი დარჩნენ. მოედანზე დაწყებული შეხლა-შემოხლა პრესკლუბშიც გაგრძელდა, სადაც „აეკის“ პრეზიდენტმა დიმიტრის მელისანიდისმა ჩემპიონატის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ვიქტორას მიტროპულოსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიტროპულოსის მძღოლმა ნიკოს იანუდაკისმა პისტოლეტი ამოიღო და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.

ყველაზე უცნაური შემთხვევა 2002 წლის თებერვალში მოხდა: ამჯერად „აეკი“ მასპინძლობდა „პაოკს“.  ამჯერად„აეკის“ არაოფიციალური ხელმძღვანელი მაკის ფსომიადისი დარჩა შეხვედრის მსაჯებით უკმაყოფილო, ისიც მსაჯს პისტოლეტით მიეჭრა, ოღონდ იარაღი საკუთარ საფეთქელზე მიიდო და თვითმკვლელობით დაიმუქრა. აღნიშნული ფაქტი დაწვრილებით აღწერა თავის მოხსენებაში მატჩის დამკვირვებელმა, თუმცა არბიტრს მომხდარზე არაფერი უთქვამს და არც შეხვედრის ოქმში დაუფიქსირებია.

როგორც ვხედავთ, იარაღით ხელში საფეხბურთო დავების გადაწყვეტა საბერძნეთისთვის უცხო მოვლენა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ივან სავიდისს ყველაზე ნაკლებად გაუმართლა – მოედანზე მისი გამოჩენა ვიდეოკამერებმა დააფიქსირა და ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა. დღეს „პაოკის“ პრეზიდენტმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს სავიდისის ბოდიში მისი გუნდისა და ბერძნული ფეხბურთის ბედზე.

კომენტარები
გაზიარება