საზოგადოებასაბერძნეთისპორტი

„პაოკის“ შეიარაღებული პრეზიდენტი საფეხბურთო მოედანზე შევარდა და მსაჯს ემუქრებოდა

საბერძნეთის სუპერლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი ქალაქ თესალონიკში „პაოკსა“ და „აეკს“ შორის ბოლო წუთზე შეწყდა. მასპინძლებმა მატჩის მიწურულს გოლი გაიტანეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ბურთი არ ჩათვალა. იმ დროს ანგარიში 0:0 იყო და, ბუნებრივია, ამან ადგილობრივი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც „პაოკის“ პრეზიდენტი ივან სავიდისი მოედანზე შეიჭრა. როგორც კამერებმა დააფიქსირეს, ბერძნული კლუბის ხელმძღვანელი მინდორზე იარაღით შევიდა და მსაჯს მოკვლით ემუქრებოდა, თუ იგი გოლს არ ჩათვლიდა. საბოლოოდ საქმეში პოლიცია ჩაერთო, მატჩი კი შეწყდა. საინტერესოა, რომ მატჩის შეწყვეტიდან ორ საათში მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა და გოლი ჩათვალა, მაგრამ ამჯერად „აეკის“ ფეხბურთელებმა თქვეს უარი მოედანზე დაბრუნებაზე. მათ ამ გზით ძალადობას პროტესტი გამოუცხადეს.

უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია, მით უმეტეს „აეკის“ მესვეურებმა საჩივარი უკვე გაგზავნეს ფიფასა და უეფაში.

საბერძნეთის სუპერლიგაში დაძაბული ვითარებაა. „აეკი“ ლიდერია 54 ქულით, ხოლო „პაოკს“ 49 ქულა აქვს. შესაბამისად, თესალონიკელთათვის გამარჯვება ლიდერთან ორ ქულამდე სხვაობის შემცირებას ნიშნავდა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ სავიდისი 1959 წლის 27 მარტს საქართველოში, წალკის რაიონში დაიბადა. მოგვიანებით ის რუსეთში, ქალაქ როსტოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თამბაქოს საწარმო „დონსკი ტაბაკის” მეპატრონე გახდა. სავიდისი 2005 წლიდან როსტოვის საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი იყო, 2012 წლიდან კი თესალონიკის „პაოკის“ პრეზიდენტია. მართალია, სავიდისი ბერძნული წარმოშობისაა და საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ ბერძნულად არ საუბრობს. ის თავისი ექსტრავაგანტული საქციელით არაერთხელ მოქცეულა ყურადღების ცენტრში, ამჯერად კი მოედანზე იარაღით შეჭრით მართლაც ყველა გაოგნებული დატოვა.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close