თურქეთში შესაძლოა ცოლქმრული ღალატისთვის ისევ ციხეში მოხვდნენ

61

თურქეთში შესაძლოა ისევ აღდგეს  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცოლქმრულ ღალატზე, – ამის თაობაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2004 წელს ცოლქმრულ ღალატზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე უარის თქმა ხელისუფლების შეცდომა იყო. თურქეთის პრეზიდენტის აზრით, ეს საკითხი უნდა გადაიხედოს და მრუშობა კანონით კვლავ დასჯადი გახდეს. ამ ინფორმაციას INDEPENDENT-ი ავრცელებს.

Photo: EPA

„ვფიქრობ, ძალიან ძალიან დროულია, რომ მრუშობის საკითხზე ვიმსჯელოთ, რადგან ჩვენი საზოგადოება მორალური ღირებულებების თვალსაზრისით განსხვავებულია. ეს ძალიან ძველი თემაა და 2004 წელს უკვე იყო ჩვენს საკანონმდებლო წინადადებებს შორის, მაგრამ მაშინ უარი ვთქვით და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად მოვიქეცით, თუმცა შევცდით“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთში ცოლ-ქმრული ღალატისთვის კანონი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. 1996 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ კანონი გააუქმა იმ მოტივით, რომ ამ მიზეზით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშუფრო მეტი ქალი ექცეოდა, ვიდრე კაცი, რადგან ქალებს ღალატის პირველივე ფაქტზე სჯიდნენ, მაშინ როდესაც კაცების შემთხვევაში უნდა დამტკიცებულიყო, რომ ცოლს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღალატობდნენ.

რეჯეფ თაიიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ 2004 წელს გამოვიდა ინიციატივით, რომ ცოლქმრული ღალატი და ქორწინების გარეშე სექსი კანონით დასჯადი გამხდარიყო. მაშინ ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე თურქეთმა უარი იმის გამო, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, ასეთი კანონი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს შეამცირებდა.

კომენტარები
გაზიარება