ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„დედამ ყველაფერი გაყიდა და ჩემს მოსაძებნად უცხო ქვეყანაში წამოვიდა“

მსახიობი და მომღერალი ნოე ლომინაძე (VENTSEL), რომელიც საზოგადოებამ სერიალ „ტიფლისიდან“ გაიცნო, ერთი წელი ბარსელონაში ქუჩაში ცხოვრობდა. როცა დედამ ეს ამბავი გაიგო, ყველაფერი გაყიდა და შვილის მოსაძებნად საქართველოდან ესპანეთში გაემგზავრა. ნოე ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს. „შეიყვარეთ თქვენი ცხოვრების ყოველი წამი და მოგონება, ცუდიც და კარგიც  და ისე ქენით, რომ სიბერეში ბევრი გასახსენებელი გქონდეთ“, – ამბობს იგი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში. ნოე ახლა საქართველოშია – რამდენიმე დღით ჩამოვიდა.

როგორ ნოეს არ იცნობს საზოგადოება?

ხალხმა სერიალ „ტიფლისიდან“ გაიცნო ჩემი პერსონაჟი, მაგრამ არა – მე. ხელოვანი ადამიანი ვარ, რომელიც სულ მოგზაურობაშია – ახლის ძიებაში ვარ თითქმის ყოველთვის, არ მიყვარს ერთფეროვნება. ჩემი წარსული მუქ ფერებს მოიცავს… ბუნებით მებრძოლი ადამიანი ვარ, რომელიც ამჟამად მუზების მოლოდინშია. ვწერ მუსიკას და ლექსებს.

სიმღერას „სახლში დამაბრუნე“ საკმაოდ ემოციური ტექსტი აქვს, შენს ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ხომ არ უკავშირდება?

ცხოვრებაში ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან არის კავშირში. ემიგრაციას რაც შეეხება, თურქეთში ერთი წელი ვმუშაობდი ანიმატორად. მუშაობასთან ერთად ბევრი თურქი მეგობარი შევიძინე, რომლებიც საბერძნეთში გადასვლაში დამეხმარნენ: მაყიდვინეს ბულგარული პასპორტი, რომლის მიხედვითაც ვიყავი ვინმე Kamen Valkanov-ი. 30 კილომეტრი ვიარე ფეხით. პირველ სასტუმროში მისვლის წუთიდან ბულგარელი ქალი, რომელმაც ჩემი ბულგარული პასპორტი ნახა, მეხმარებოდა თავის დამკვიდრებაში… ამის მერე ვიმოგზაურე: ბარიში, მერე რომში, ნიცაში, მონფორტში, სადაც ფულის აღება ბანკიდან ვერ შევძელი და გადავედი ბარსელონაში. იქ უკვე მამა დამხვდა და მასთან ერთად წავედი ვილა „ფრანკაში“, სადაც 4-5 თვე ვიცხოვრე.

ამის მერე იყო ესპანეთი, სადაც ბევრი ესპანელი მეგობარი შევიძინე, ესპანური ენაც ვისწავლე.

როდის დაიწყე სიმღერების წერა? როგორც ვიცი, მუსიკალური განათლება არ გაქვს.

ბარსელონაში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მატარებელში ამოვიდა ქუჩის მუსიკოსი, რომელიც გვერდით დამიჯდა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მგზავრობის დროს ჩაეძინა. თავის გაჩერებაზე მატარებლის სიგნალმა გამოაღვიძა, ეგრევე წამოხტა და ვაგონიდან ისე გაიქცა, რომ გიტარა დარჩა.

შევეცადე, შემდეგ გაჩერებაზე ეს ადამიანი მომეძებნა, რომ გიტარა მიმეცა, მაგრამ ვერ ვიპოვე. გიტარა წამოვიღე და დავიწყე ბარსელონაში ბოდიალი. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდი, ღამე სად გამეთენებინა და თან არც საკმარისი ფული მქონდა, შევედი მაღაზიაში და პროდუქტი მოვიპარე… საბოლოოდ იმ ღამეს პარკში დავიძინე.

დილას, მახსოვს, ბავშვების ხმაურმა გამომაღვიძა. ისე შემრცხვა, რომ თავზე კაპიუშონი გადავიფარე და იქაურობას გავეცალე. მიზეზთა გამო საკუთარი ანგარიშიდან ფულის მოხსნას ვერ ვახერხებდი… მახსოვს, სწრაფი კვების ობიექტში როგორ გავხდი ცუდად და სასწრაფოს მანქანაში გამომეღვიძა. კითხვებს ვერ ვპასუხობდი… ბოლო კითხვის დროს, ენის დამჭერი რომ გამომაცალა ექიმმა პირიდან, თავი დავაქნიე, რომ კარგად ვიყავი და ყველანაირად ვეცადე, საავადმყოფოში არ გადავეყვანე, რადგან ყალბი პასპორტი მქონდა.

მადლიერი, იქაურობას გავეცალე და ერთ-ერთ სკვერში ძეგლის ქვეშ ჩამოვჯექი დასასვენებლად. საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, როცა გავიაზრე, სადაური სად ვკვდები-მეთქი. არაფერი მეცნობოდა გარშემო: არც ხე, არც ადამიანები… ჰაერიც კი სულ სხვანაირად ავსებდა ისედაც დარდისგან დამძიმებულ ფილტვებს. პირველი სიმღერა აქ დავწერე – „მე ვარ შორს სახლიდან“. საკმაოდ რთული დრო იყო. მახსოვს, ის გიტარა როცა დავკარგე, ძალიან განვიცადე. ბუჩქებში მქონდა დამალული, ერთ-ერთი მორიგი ღამის გასათევად პარკში რომ გავჩერდი და… მეორე დილას ეს მეგობარიც აღარ მყავდა – ვიღაცამ მომპარა. ამის მერე ხშირად ვსტუმრობდი გიტარების მაღაზიას…

სად და როგორ გაიცანი ქართველები?

ჩემნაირი „ბომჟები“? დროთა განმავლობაში გავიცანი. წამიყვანეს ტყეში, სადაც კარვები იდგა. ამ დღის მერე დაიწყო ჩემი არეული ერთწლიანი ცხოვრების პერიოდი: დავიწყე მოწევა, მივეძალე ალკოჰოლს… გასარეცხ ტანსაცმელს მაღაზიაში ვტოვებდი და მოპარული ახალი ტანსაცმლით გამოვდიოდი…

არ ნანობ?

ვნანობ მხოლოდ იმას, რომ დედა ძალიან ვანერვიულე, ჩემს მოსაძებნად საქართველოდან წამოვიდა. რაც კი გვქონდა, ყველაფერი გაყიდა და ჩემთან ერთად დაიწყო ახალი ცხოვრება… მაგრამ ვფიქრობ, ესეც უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან თუ არ დაეცი, ვერ ადგები. პარიზიდან კოპენჰაგენში გადასვლის დროს ჰოლანდიის საზღვარზე დამიჭირეს გემზე, 6 თვე ვიყავი ციხეში და იქ გამოვჯანმრთელდი.

დედასთან ერთად

ყველაფრის მიუხედავად იმედი არ დაკარგე და სხვებსაც მოუწოდებდი, რომ გაეძლოთ. დღეს გაქვს მათთან ურთიერთობა?

15 ვიყავით, 7 გადავრჩით. ხშირად საკუთარ თავს და მათაც ვუმეორებდი სიტყვებს, რომ იმედი არ დაგვეკარგა და აუცილებლად წამოვდგებოდით ფეხზე. ჩვენგან ერთი ბერად აღიკვეცა – დავით ბაზუაშვილი. პატრიარქმა ჩააცვა შავი ანაფორა. მასთან ისევ ვმეგობრობ.

რას ეტყოდი მეამბოხე ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების ამ გზას ირჩევენ?

ამ გადმოსახედიდან და იმ რთული ცხოვრების მიუხედავად, რომელიც  გავიარე, არაფერს ვნანობ, მაგრამ საკმაოდ დიდი განსაცდელია. არავის ვურჩევ, რა თქმა უნდა, რომ „ბომჟის ცხოვრებით“ იცხოვრონ… ქურდობას და მსგავს სიგიჟეებს… საერთოდ, ყველას მოვუწოდებ, იყვნენ მაქსიმალისტები, რადგან ცხოვრებაში ყველაფრის დაძლევა შეუძლია ადამიანს, თუკი მოინდომებს. მაგრამ ეცადეთ, ყველაფერი გააზრებით გააკეთოთ და თქვენს საქციელზეც იყოთ პასუხისმგებლები.

კადრი სერიალიდან „ტიფლისი“

ჩემი ნება რომ იყოს, საზღვრებს გავაუქმებდი. ჩემი საქციელის გამო დედამ აქ ყველაფერი გაყიდა და ჩემს მოსაძებნად უცხო ქვეყანაში წამოვიდა… გაუფრთხილდით იმათ, ვისაც უყვარხართ და ნაკლები ანერვიულეთ. ეცადეთ, არ დაგავიწყდეთ შეცდომები – მე ამ შეცდომებით ბევრი ვისწავლე, დღესაც მაქვს ის ძველი ფოტო – დედამ როცა მნახა, გადამიღო, რომ საღ გონებაზე მენახა. მახსოვს, დედა როცა დავინახე, არ მჯეროდა, რომ ის მართლა ჩემ გვერდით იყო და ჩემს მოსაძებნად ჩამოვიდა. ხშირად ვუყურებ ამ ფოტოს, რომ აღარასდროს დავუბრუნდე წარსულს. ერთი სიტყვით, შეიყვარეთ თქვენი ცხოვრების ყოველი წამი და მოგონება, ცუდიც და კარგიც და ისე ქენით, რომ სიბერეში ბევრი გასახსენებელი გქონდეთ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

იხილეთ ნაწყვეტი სერიალიდან „ტიფლისი“:

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close