სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი კვლავ დღის წესრიგშია

24

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ (უკრ. „РУХ НОВИХ СИЛ“) ლიდერი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე მიიღეს რეადმისიის თაობაზე უკრაინის მიგრაციული სამსახურის განცხადების საფუძველზე, – ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა (STRAZ GRANICZNA) გაავრცელა ინფორმაცია თავისსავე საიტზე.

უწყების ინფორმაციით, მხედველობაში მიიღეს ის ფაქტი, რომ სააკაშვილი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის მეუღლე და „უკრაინული მხარის თხოვნა პოლონურმა მხარემ დააკმაყოფილა“.

epa/vostock-photo

პოლონეთში მყოფმა სააკაშვილმა NewsOne-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც მიხეილ სააკაშვილი იქნება, იმ დასაბუთებით, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ აქვს. კონკრეტულ კითხვაზე, მოითხოვს თუ არა საქართველო ამჯერად პოლონეთისგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას, გია ვოლსკი აცხადებს: „რასაკვირველია, ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა“.

სააკაშვილის მომხრეები ბორისპოლის აეროპორტში, 12 თებერვალი, 2018. REUTERS/Valentyn Ogirenko

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 12 თებერვალს დააკავეს კიევის ცენტრში, კაფე „სულუგუნში“ და გუშინვე მოახდინეს მისი დეპორტაცია პოლონეთში, საიდანაც იგი უკრაინაში არალეგალურად შევიდა გასული წლის სექტემბერში.

სამშაბათს ღამით თავად მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა კაფეს სათვალთვალო კამერის ვიდეო. კადრებში ჩანს, როგორ შერბის კაფეში15-მდე კამუფლაჟიანი ადამიანი (როგორც შემდეგ უკრაინულმა მხარემ განმარტა, ესენი იყვნენ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის, მიგრაციული სამსახურის და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები). ისინი სააკაშვილს იატაკზე აგდებენ და შემდეგ ძალით გამოჰყავთ გარეთ.

თავის ფეისბუქგვერდზე მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მას სცემდნენ, პირი და თვალები აუკრეს, ავტობუსსა და ვერტმფრენში, კიევის აეროპორტისკენ გზაზე, იატაკზე პირქვე ჰყავდათ დაწვენილი და იარაღითაც ემუქრებოდნენ. იგი მომხდარს გატაცებას უწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა გუშინ კიევის პეჩორის რაიონის პოლიციის სამმართველოში შესაბამისი სარჩელი შეიტანა.

2017 წლის ზაფხულში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამ დროს სააკაშვილი უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. პოლიტიკოსმა მოახერხა უკრაინაში დაბრუნება პოლონეთიდან, სადაც მოახდინეს კიდეც მისი დეპორტაცია გუშინ და ამჟამად იმყოფება.
კომენტარები
გაზიარება