„დაე, სახატედ იყვეს თქვენი გული და ხატად სამშობლო – საქართველო!“

573

(ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ მეორესთან ინტერვიუდან, რომელიც 1972 წელს ჟურნალისტმა ნაზი შამანაურმა ჩაწერა)

 უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვედრიხართ თუ არა?

1961 წელი. პარიზში ვიმყოფები და ვხედავ ქართველებს; როგორც დაკარგულ შვილებს, ხელახლა ნაპოვნს, ისე შევხვდი, ცრემლი ვერ დავმალე. თვითონაც გრძნობდნენ. მიპასუხეს. ზოგმა მუხლიც კი დაიდგინა, ისე შემომეხვია.

თავის მიწის მადლს განსაკუთრებით როდის გაიგებს ქართველი კაცი?

როდესაც კაცი შორდება თავის მამულს, თავის მოყვასს, მას გული არასოდეს აღარ უცინის. გულში წვეთ-წვეთ ეღვრება ცრემლი, მამულის სიყვარულით გამოწვეული.

 უცხოეთში მყოფმა ქართველებმა რით გაამართლონ თავიანთი ქართველობა?

ჯერ ერთი, რომ კარგად, წესიერად, ზნეობრივად მოიქცნენ და ყველას დაანახონ სახე ქართველი კაცისა. მერმე, სამშობლოს სიყვარული არ დაივიწყონ, შვილებს გადასცენ, ქართული ენა ასწავლონ და მარადჟამ პირი და გული ჰქონდეთ სამშობლოსკენ…

 როგორ  წარმოგიდგებათ კაცი, რომელიც ჟამთა სვლით უცხოეთს გადახვეწილი საქართველოს კარიბჭეს უახლოვდება?

გზადაცდენილი სწორ გზაზე გამოსული, ფეხზე დამდგარი.

საქართველო კი, როგორც ღირსეული დედა, ისე მიეგებება შორს წასულ შვილებს, ტკივილს უწამლებს, ცრემლს შეუშრობს თავის ნაშიერს.

 რაიმე სურვილს ხომ არ გამოთქვამდით ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან?

გაუმარჯოს მშვიდობას, დღეგრძელი ყოფილიყოს საქართველო უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 რას უსურვებდით ჩვენს თანამემამულეებს?

საზღვარგარეთ სხვადასხვა კუთხეში მყოფნო ძვირფასო შვილებო!

საქართველოს ეკლესიის სახელით სულითა და გულით გილოცავთ 1972 წელს. გულითადად მსურს გისურვოთ თქვენში არ ჩამქრალიყოს სამშობლოს სიყვარული, რომლიდანაც თქვენ სხვადასხვა მიზეზებისა გამო მოხვდით სხვადასხვა კუთხეში დროებით თუ სამუდამოდ ცხოვრებად.

პირადად მე ღრმადა მწამს, რომ სამშობლოს და მისი სიყვარულის გარეშე ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს. მის გარეშე მყოფთ რა მოგილოცოთ? თვალცრემლიანი ამასღა გეტყვით: დაე, სახატედ იყვეს თქვენი გული და ხატად სამშობლო – საქართველო! “

 ნაზი შამანაური

1972 წ. 28 იანვარი, გაზეთი „სამშობლო“

კომენტარები
გაზიარება